ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ საუბარია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ერთობლივ რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა 2020 წლის დეკემბერში, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია მოუწოდებენ საქართველოს, გადახედოს საარჩევნო კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან რამდენიმე ცვლილებას.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებას, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ართმევს რა მას უფასო საეთერო დროს, თუ პარტია არ იღებს სახელმწიფოს დაფინანსებას. ამ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა არის „არაპროპორციული და უსაფუძვლო“, რადგან სწორედ ამ პარტიებს, რომლებსაც მწირე რესურსი აქვთ, დასჭირდებათ უფასო საეთერო დროსთან წვდომა, რათა გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და წარუდგინონ პროგრამა ელექტორატს.

მეტიც, არ არსებობს ისეთი დამტკიცებული კავშირი უფასო საეთერო დროის გამოყოფასა და სახელმწიფო დაფინანსების მიღებას შორის, რაც გაამართლებდა ამ ნაბიჯს. ასევე, ეს შეზღუდვა არ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგან ამცირებს იმ ინფორმაციასთან წვდომას, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, რათა არჩევნებზე ინფორმირებული არჩევენი გააკეთოს.

ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გამო, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ეტყვიან პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც პარლამენტში მოპოვებული მანდატების სულ მცირე ნახევარ მაინც არ აიღებენ, და ჩამოართმევს უფლებას პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, თუ რომელიმე პარტიის ან ბლოკის დეპუტატების ნახევარი, მისაღები მიზეზის გარეშე, არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

სანქციების დაწესება პოლიტიკური პარტიებისთვის, და არა ინდივიდუალური დეპუტატებისთვის, მათთვის დაფინანსების ჩამორთმევით, თუ დეპუტატები არ ესწრებიან საპარლამენტო სესიის განმავლობაში სხდომების უმეტესობას, არის „არაპროპორციული“ და ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს, რომელიც უკვე არეგულირებს ასეთ საკითხებს, მკაფიოდ და დაბალანსებულად.

ანალოგიური რეკომენდაცია შეეხება პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს იმ პარლამენტარის ხელფასის გაცემის შეზღუდვას, რომელიც მისაღები მიზეზის გარეშე არ დაესწრება ყველა პლენარულ სხდომას ერთი თვის განმავლობაში გამართული რეგულარული სესიის ფარგლებში, ასევე შემდგომ შესვენების პერიოდშიც. ეს ბოლო წინადადებაც, სავარაუდოდ, არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც პარლამენტის ხელფასს სავალდებულოს ხდის“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვენეციის კომისია „უფრო პროპორციული და შესაბამისი საშუალების“ განხილვის რეკომენდაციას იძლევა, რათა მიღწეული იყოს ცვლილებების მიზანი, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს ზომებს, რომ შესაბამისი ქმედებებისთვის ინდივიდუალური პარლამენტარებისთვის შესაბამისი შედეგები დადგეს. მათი შეფასებით, ეს უფრო მეტად იქნებოდა თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტთან.

„ასეთი ფართო სანქციები იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, არ არის ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის არც ერთ წევრ სახელმწიფოში“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.

კიდევ ერთ რეკომენდაციაში, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებენ საქართველოს, „გადახედონ საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის განახლებული ვერსიის მიღებას, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ასრულებენ პარტიის ლიდერის ფუნქციებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში“.

„ამ ცვლილების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური პლურალიზმის გაუმართლებელი შეზღუდვა. ვენეციის კომისიის გაფრთხილებაში ჩამოთვლილია რამდენიმე პრობლემა. შემოთავაზებული ცვლილება მკაფიოდ არ ადგენს, რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს, თუ ვინ არის საარჩევნო სიის ან პარტიის ლიდერი. გარდა ამისა, ხმის მიცემისა და კენჭისყრის უფლება შეიძლება, დამოკიდებული იყოს რიგ პირობებზე, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს ინდივიდუალური პირის მოქალაქეობა, უცხოელებისთვის დაწესებული შეზღუდვა, მონაწილეობა მიიღოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შეზღუდვით და არა წევრობის შეზღუდვით. ამასთან, პარტიული სიის გაუქმება იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერს, არის არაპროპორციული და მიმართულია არა უცხოელის, არამედ უფრო მეტად პარტიის წინააღმდეგ. შემოთავაზებულ წინადადებაში ასევე წარმოდგენილია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესი, რაც ასევე „შეშფოთებას“ იწვევს, რადგან პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია არჩევნებიდან ორი დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შესაძლებელია, მიიღონ მას შემდეგ, რაც ამომრჩევლები კეთილსინდისიერად მისცემენ ხმას პარტიას, რომლის რეგისტრაციაც შეიძლება, საბოლოო ჯამში გაუქმდეს. ვენეციის კომისია და ეუთო მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც კონკრეტული პირის წინააღმდეგ მიმართული, რაც წარმოადგენს საკანონმდებლო ტაქტიკას, რომელიც ვენეციის კომისიამ წარსულში გააკრიტიკა“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.