ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე სავარაუდოდ მარტში გამოქვეყნდება
ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნას სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ვენეციის კომისიის წევრმა, ჯოზეფ მარია კასტელა ანდრიუმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კომისია მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.
„ეს არის ჩვენი მოკლე ვიზიტი იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ მიმდინარეობს ცვლილებები. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ამის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. ჩვენი ფუნქცია იქნება მხოლოდ ამ ცვლილებების კომენტირება. ამ ეტაპზე, წინასწარი შეფასების სახით ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება დასკვნას, ამ თემაზე ვენეციის კომისიის მომდევნო სხდომაზე, 16-17 მარტს ვიმსჯელებთ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ მარია კასტელა ანდრიუმ.
ვენეციის კომისიის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გარდა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრებზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება, რომელიც ბონუს სისტემის გაუქმებასა და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებას გულისხმობს.