ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ „ქართული ოცნების“ მომზადებულ კანონპროექტზე დასკვნას სავარაუდოდ დღეს გამოაქვეყნებს
საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას დღეს ელოდება. დასკვნაში შეფასებული იქნება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი.
მმართველი გუნდის წევრები პოზიტიურ შეფასებას ელოდებიან, ვინაიდან მათი თქმით, აღნიშნული პროექტი ძირითადად ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება და პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სესიაზე კანონპროექტის მეორე მოსმენა მიმდინარე კვირაში, რეკომენდაციების გაცნობის შემდგომ გაიმართება.
„პლენარულ სხდომაზე ყველა შემთხვევაში გავა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდგომ. ჩვენ ვენეციის კომისიას დღე-დღეზე ველოდებით. დღეს, ხვალ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება, ეს დასკვნა ხელმისაწვდომი გახდეს და ჩვენ როგორც გვქონდა შეთანხმება, მეორე მოსმენამდე, რომელიც არის პლენარულ სხდომაზე მოსმენა, ამ დროისთვის დასკვნა იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ჩვენ, ისე დაინტერესებულ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ნახოს რა შენიშვნებია, რა კომენტარებია და შესაბამისად, ამას გამოვიყენებთ პლენარული განხილვის დროსაც“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. ხოლო, მას შემდეგ, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ე.წ. ამერიკული მოდელის შესაბამისად გაესაუბრებიან, რაც კანდიდატების ინდივიდუალურ რეჟიმში მოსმენას გულისხმობს.