ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას დადებითად აფასებს
ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას დადებითად აფასებს

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას დადებითად აფასებს.

როგორც კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი, კომისიის წევრები დადებითად აფასებენ რეფორმის პროცესს, რომელიც „ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მოდელად გარდაქმნას დაასრულებს და წარმოადგენს საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ წინ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს, რაც დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპებზე. კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე“. კომისია აღნიშნავს, რომ ახალი შესწორებები კონსტიტუციის ტექსტს აუმჯობესებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესახებ მოსაზრებები 2017 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. ეს მოხდა მანამდე ვიდრე კონსტიტუციის ტექსტში ახალი ცვლილებები შევიდოდა.

„ახალი შესწორებების პროექტი შეიცავს დაპირებულ ცვლილებებს და დიდწლად დაფუძნებულია კომისიის რეკომენდაციებზე“, – აცხადებენ კომისიაში.

დასკვნაში კიდევ ერთხელ არის გამოთქმული წუხილი პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გადაწევასთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას კონსენსუსის მიღწევის გზაზე, რაც თავის მხრივ, აუცილებელია, იმისთვის რომ კონსტიტუციას მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს, მათ შორის დამატებით შესწორებებთან დაკავშირებით და ეს წარმოადგენს კონსტიტუციის სტაბილურობის გარანტიას“, – ნათქვამია დასკვნაში.

თუმცა, როგორც ვენეციის კომისიაში აცხადებენ, ის კონკრეტული შესწორებები, რომლებიც გამონაკლისის სახით ძალაში იქნება 2020 წლის არჩევნებისას (საუბარია პარტიული ბლოკების ფორმირებასა და საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევაზე), წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რაც გარკვეულწილად მაინც შეარბილებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადის გადაწევისგან მცირე პარტიებისთვის მიყენებულ ნეგატიურ შედეგს. ვენეციის კომისია ამ შესწორებებს მიესალმება.

კომისია ასევე კმაყოფილია გაუნაწილებელი მანდატების თანაბარი განაწილების სისტემის შემოღებით, რომელიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. კომისია დადებითად აფასებს კიდევ რამდენიმე შესწორებას. მათ შორის 16-ე მუხლის შესწორების პროექტს, რაც რწმენის თავისუფლებას ეხება. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს კუთხით შეტანილ შესწორებებს.

„ვენეციის კომისია დადებითად აფასებს იმ შესწორებას, რომლის მიხედვითაც გაუქმდება წესი, რაც ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასმართლოს პლენუმის ყველა წევრის თანხმობას მოითხოვდა. ასევე, დადებითად ვაფასებთ 60(6) მუხლის პროექტს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასმართლოს ექნება უფლება გადახედოს საარჩევნო რეგულაციებს საარჩევნო წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები არჩევნებამდე 15 თვით ადრე იქნება მიღებული. (ძველ რედაქციაში 12 თვეზე იყო საუბარი)“, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ასევე მოხვდა მე-18 მუხლში ინიცირებული შესწორებები, რაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხება. კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს შესწორება მიმართულია იმ მიზეზების დაზუსტებისკენ, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია საჯარო ინფორმაციასთან წვდომა შეიზღუდოს და კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს მუხლი პრობლემატური არ არის.

ამავე დროს კომისია მიუთითებს, რომ „მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის კანონიერი საფუძვლები უნდა იყოს მაქსიმალურად ვიწრო, რათა მათი ინტერპრეტაცია არ მოხდეს და ხელისუფლებამ არ უნდა ისარგებლოს ფართო ან უსაზღვრო დისკრეციით ამ ლეგიტიმური გზების იმპლემენტაციისას, როდესაც საქმე ასეთ სენსიტიურ საკითხებს ეხება“. ვენეციას კომისია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს შესწორებები საკონსტიტუციო რეფორმის დღის წესრიგში იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით ბოლო მომენტში შევიდა და ამის გათვალისწინებით კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ყველა საკითხი უნდა განიხილებოდეს ადეკვატურად რეფორმის პროცესის დროს, რათა ყველა დაინტერესებულ პირს სიღრმისეულ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეს.

კომისიის დასკვნაში ჩამოთვლილია ის რეკომენდაციებიც, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული. მათ შორის არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი. კერძოდ, კომისია გამოდიოდა რეკომენდაციით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა ხდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, პარლამენტის ჩარევის გარეშე ან მათ ნიშნავდეს პრეზიდენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით. რაც შეეხება მთავარ პროკურორს, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ის პარლამენტში კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს. ამ რეკომენდაციებიდან არც ერთი არ გაითვალისწინეს.
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პარტიების ტერიტორიული პრინციპით ჩამოყალიბების წესის აკრძალვას ეხება. დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს აკრძალვა არ არის გამართლებული და უნდა მოიძებნოს სხვა ნაკლებად შემაბრკოლებელი ზომები.

დოკუმენტის ბოლოს კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე აუცილებელია მაქსიმალურად ფართო კონსენსუსის მიღწევა.