ვენეციის კომისია აკრიტიკებს უკრაინის კანონპროექტს იმ პირთა პოლიტიკაში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ, რომლებიც ომის დაწყებამდე პრორუსულ პარტიას წარმოადგენდნენ
ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა უკრაინის კანონპროექტი პოლიტიკურ ცხოვრებაში იმ პირთა მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ, რომლებიც იყვნენ უკრაინაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების წევრები.
ვენეციის კომისიამ აღნიშნული დასკვნა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) ერთად მოამზადა.
კანონპროექტი ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში უკრაინის ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობის შეზღუდვას, რომლებიც ომის დაწყების დროს პრორუსულ პარტიებს წარმოადგენდნენ.
ვენეციის კომისია და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებენ, რომ საომარი მდგომარეობის დასრულებისთანავე გარკვეული შეზღუდვები შეიძლება გამართლებული იყოს, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ვადა ძალიან გრძელია.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები მოიცავს პირთა დიდ ჯგუფს და აკისრებს მათ კოლექტიურ პასუხისმგებლობას იმ მხარის უკანონო ქმედებებზე, რომელსაც ისინი ეკუთვნოდნენ.
დასკვნის ავტორები რეკომენდაციას უწევენ უკრაინას, შემოიღოს „შესაბამისი კრიტერიუმები და ეფექტური ინდივიდუალური შეფასება“, რის საფუძველზეც არჩევის უფლების შეზღუდვა გავრცელდება მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებასა და დემოკრატიას.