ფართომასშტაბიანი ძარცვა მოხდა იტალიის ქალაქ ვენეციაში, სადაც ინდური საიუველირო ხელოვნების ნიმუშები იყო გამოფენილი. XVI-XVIII საუკუნეების ინდური ოქრომჭედლობის შედევრები სახელწოდებით “დიდ მახარაჯათა და მოგოლთა საგანძური” ვენეციის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში 2017 წლის 9 სექტემბრიდან -2018 წლის 3 იანვრამდე იყო გამოფენილი.
როგორც იტალიური “რადიო-1” იუწყება, მძარცველებმა შეძლეს მთლიანი სტენდის მოპარვა ისე, რომ არანაირი თითის ანაბეჭდი ან კვალი არ დაუტოვებიათ. როგორც იტალიური რადიო ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, ძარცვა წინასწარ დაგეგმილი, დეტალებში გათვლილი იყო.
საგამოფენო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს ძარცვის მომენტი, თუ როგორ მიდის ორი პიროვნება სტენდთან, აღებენ სპეციალურ შუშის დამცავ საფარს და იპარავენ ნივთებს, თუმცა ძარცვის მომენტში ინფრაწითელი გაფრთხილების სასიგნალო სისტემა არ ჩაირთო. როგორც პოლიცია ვარაუდობს, ეს შესაძლებელია იმიტომ მოხდა, რომ მძარცველები დარბაზში შევიდნენ ზუსტად იმ დროს, როდესაც გამოფენა დაიხურა და საგანძურის გადალაგება მიმდინარეობდა.
ვენეციის პოლიციის ცნობით, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება ასეულობით ათას ევროს აღემატება. საიუველირო ნამუშევრების ექსპერტები თვლიან, რომ მძარცველებმა მოპარული ნივთები შესაძლებელია რამდენიმე მილიონ ევროდ გაყიდონ.
როგორც “რადიო 1” იუწყება, აღნიშნული ინდური ოქრომჭედლობის ნიმუშების კოლექცია, ყატარის სამეფო ოჯახის ერთ–ერთი წევრის საკუთრებას წარმოადგენს და იტალიაში პირველად გამოიფინა.