ვენდი რიქსი - ავსტრალიის პოლიცია პარტნიორებთან ერთად იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მთელ მსოფლიოში დაიცვას ბავშვები სექსუალური ექსპლუატაციისგან
ავსტრალიის ფედერალური პოლიცია პარტნიორებთან ერთად იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას ბავშვები ავსტრალიასა და მთელს მსოფლიოში სექსუალური ექსპლუატაციისგან, – ამის შესახებ ავსტრალიის პოლიციის ფედერალურმა აგენტმა, მეკავშირე ოფიცერმა ვენდი რიქსმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც უწყებაში დღეს განაცხადეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
„ვულოცავ ქართველ სამართალდამცავებს წარმატებულ გამოძიებას და ოპერაციას. ავსტრალიის ფედერალური პოლიცია პარტნიორებთან ერთად იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას ბავშვები ავსტრალიასა და მთელს მსოფლიოში სექსუალური ექსპლუატაციისგან. მოცემული გამოძიება არის ავსტრალიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლობის მაგალითი, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ქართველ და ამერიკელ სამართალდამცავრეთან. აღნიშნული სინდიკატის გაუვნებელყოფას ექნება მნიშვნელოვანი ეფექტი, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოცემული გამოძიება არის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, რათა დაცული იქნენ ბავშვები ჩვენს საზოგადოებებში. კიდევ ერთხელ მსურს, გამოვხატო მადლიერება და ვულოცავ საქართველოს პოლიციას ამ წარმატებულ გამოძიებას“,- განაცხადა ვენდი რიქსმა.