ვენაში ათი ათასობით ადამიანმა შრომითი კანონმდებლობის ცვლილების გეგმა გააპროტესტა. მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, დამსაქმებელს ანაზღაურების გაზრდის გარეშე შეეძლება, სამუშაო დღე 12 საათამდე გაზარდოს.
სამუშაო დღის შესაძლო გახანგრძლივების გარდა, ავსტრიის მთავრობა ასევე გეგმავს, დამსაქმებლებს უფლება მისცეს, სამუშაო კვირა 60 საათამდე გაზარდოს. თუმცა, ამავე დროს, დასაქმებულებს შეეძლებათ, უარი თქვან დღეში 10 საათზე მეტ ხანს მუშაობაზე მიზეზის განმარტების გარეშე.
ავსტრიის პარლამენტის კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს სავარაუდოდ 5 ივლისს უყრის კენჭს.
მთავრობის გეგმის წინააღმდეგები არიან პროფკავშირები, რომლებიც აღნიშნული საკითხის რეფერენდუმზე გატანას ითხოვენ.
პოლიციის მონაცემებით, ვენაში შრომითი კანონმდებლობის ცვლილების გეგმის წინააღმდეგ გამართულ აქციაში 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორების მტკიცებით კი, დემონსტრაციაზე 170 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.