ვენაში გერმანულ-ქართული საღვთისმეტყველო კონფერენცია, იოანე დამასკელის სახელობის სტუდენტურ სახლში, მეორე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია და სასწავლო სტუდენტური კვირეული გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილნი იყვნენ თეოლოგები და თეოლოგიური ფაკულტეტების სტუდენტები გერმანიიდან, ირლანდიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.
საღვთისმეტყველო კონფერენციისა და სტუდენტური კვირეულის სამუშაო თემა – „ერთნი ნათლობაში“ გახლდათ. კონფერენციასა და სტუდენტურ კვირეულში მონაწილეებს ოფიციალური წერილით მიესალმა პაპი ბენედიქტე XVI.
როგორც მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, შოთა კინწურაშვილმა აღნიშნა, დისკუსიის თემა იყო აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიებში არსებული წინააღმდეგობანი, რომელიც ძირითადად „გადანათვლის“ პრაქტიკას შეეხება, რა არის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კათოლიკური ეკლესიის პასუხი ან სამომავლო ხედვა ამ პრობლემებთან დაკავშირებით.
საქართველოდან კონფერენციაზე გამოვიდა თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური ლონგინოზ სუარიშვილი. კონფერენციაზე გამომსვლელთა მოხსენებები იოანე დამასკელის სახელობის სტუდენტური სახლის მიერ ქართულ და გერმანულ ენებზე გამოიცემა.
რიგით მეორე ქართულ-გერმანულ საღვთისმეტყველო კონფერენცია ვენის იოანე დამასკლელის სახელობის სტუდენტური სახლის დამფუძნებლების თეოლოგიის დოქტორი გივი ლომიძესა და პროფესორი მიხაელა ჰაშთეთერის ორგანიზებით გაიმართა.
ქართულ-გერმანული საერთაშორისო კონფერენცია და სტუდენტური სასწავლო კვირეული მომავალ წელსაც გაიმართება.