ვედანტ პატელი - საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, ასეთი კანონი არა მხოლოდ არ შეესაბამება მათ მისწრაფებებს, არამედ შეესაბამება რეპრესიულ კანონმდებლობას
ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის, რაც შეესაბამება ამას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პატელს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ კითხვა დაუსვა, როგორ ახასიათებს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და იმ ფონზე, როდესაც კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრა იგეგმება, როგორი იქნება შემდეგი 24 საათი.
„ისეთი ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, არ შეესაბამება ქართველი ხალხის თვითგამოცხადებულ მისწრაფებებს. არა იმას, რასაც სხვა ქვეყნები ან შეერთებული შტატები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვითგამოცხადებულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის, რაც შეესაბამება ამას. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურდა ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან, როგორიცაა ნატო, მაგრამ ასეთი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც ტარდება, ხელისუფლების ასეთი ქმედება, მიმდინარე საქმიანობა, ეს არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზნებს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ ასეთი კანონი არა მხოლოდ არ შეესაბამება მათ საკუთარ მისწრაფებებს, არამედ, ფაქტობრივად, შეესაბამება იმ ტიპის რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ სხვა რეჟიმებისგან, იქნება ეს კრემლი თუ სხვა“, – განაცხადა პატელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ასევე კითხვა დაუსვა თბილისში მიმდინარე აქციებზე ამერიკის ორი მოქალაქის დაკავებისა და ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაზეც პატელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებდა.
„ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია თბილისში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ. როდესაც ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ ყველა შესაბამისი დახმარება, მაგრამ, კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, მე უბრალოდ არ შემიძლია ამაზე მეტის თქმა“, – აღნიშნა პატელმა.