ვედანტ პატელი - მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სტანდარტების შესაბამისად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით ჩართული იყო საქართველოში გადატრიალების დაფინანსებაში.
ბრიფინგზე პატელს „მთავარი არხის“ კორესპონდენტმა დაუსვა კითხვა: „ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მმართველი პარტია და საქართველოს მთავრობის მმართველი წევრები აცხადებდნენ, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით აფინანსებს გადატრიალების მომზადებას. როგორია თქვენი რეაქცია? ზოგადად, როგორ აღიქვამთ ამ პრეტენზიებს მთავრობისგან, რომელიც ყოველწლიურად იღებს მილიონობით დოლარს აშშ-დან?“ პასუხად პატელმა განაცხადა, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.
„ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეერთებული შტატები არ ემხრობა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან რომელიმე კონკრეტულ მთავრობას. ისევ და ისევ, ჩვენი მიზანი ნებისმიერ ამ ვითარებაში, ნებისმიერ კონტექსტში არის იმის უზრუნველყოფა, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა პატელმა.
ამასთან, ვედანტ პატელმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ აშშ-ს სურს, უზრუნველყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად; საჭიროების შემთხვევაში, ეუთო-ს პარამეტრების შესაბამისად.