ვედანტ პატელი - ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითხზე, ყურადღებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს
მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის ფედერაციას და მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების დრო არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განხორციელდება, ეს შემაშფოთებელი იქნება არა მხოლოდ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ, თუ ისინი ემსახურებიან საჰაერო ხომალდებს, რომლებიც იმპორტსა და ექსპორტზე და ასევე სხვა საკითხებში არიან ჩართულები. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის ფედერაციას და მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების დრო არ არის“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.
ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები რაიმე ნაბიჯების გადადგმას, ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ მონიტორინგს გააგრძელებენ და საჭიროების შემთხვევაში გადადგამენ ნაბიჯებს, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვის.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავაჟღერეთ ჩვენი შეშფოთება ამ საკითხის მიმართ. ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები, რათა აგვეკრძალა რუსული თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლა, ისევე როგორც ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ გააკეთა. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ სიტუაციას მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, მაგრამ წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა ვედანტ პატელმა.