ვედანტ პატელი - ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული კურსკში უკრაინის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვასა და მომზადებასთან დაკავშირებულ რაიმე ასპექტში
ამერიკის შეერთებული შტატები არ ყოფილა ჩართული კურსკში უკრაინის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვისა და მომზადების რაიმე ასპექტში. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.
„უკრაინა თავს იცავს აგრესიისგან. ეს თავიდანვე იყო კრემლის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ ოპერაციის დაგეგმვასა და მომზადებასთან დაკავშირებულ რაიმე ასპექტში. ვუთმობ უკრაინელ სამხედროებს, ისაუბრონ საკუთარ ოპერაციებზე, მაგრამ ჩვენი როლი და ის, რაზეც ორიენტირებული ვართ, არის უკრაინის მხარდაჭერა, რათა ჰქონდეთ უნარი, დაიცვან საკუთარი თავი“, – განაცხადა პატელმა.
ცნობისთვის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ სამხედროებს კონტროლი აქვთ აღებული კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტზე. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქვეყნის რვა რეგიონში 117 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.