ვედანტ პატელი - აშშ იმედგაცრუებულია, რომ უნგრეთის მმართველმა პარტიამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა დაბლოკა
აშშ იმედგაცრუებულია უნგრეთის მმართველი პარტიის მიერ პარლამენტის სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
„უნგრეთი არის ნატო-ს წევრი ბოლო ქვეყანა, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მოხდეს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უნგრეთის პარლამენტმა ჩაატარა სესია, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა პარტიამ ბოიკოტის გამოცხადების გამო დაბლოკა ხმის მიცემის შესაძლებლობა. უნგრეთმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, შვედეთმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მზად არის, გახდეს ნატო-ს მოკავშირე“, – განაცხადა პატელმა.
მისი განცხადებით, აშშ იმედოვნებს, რომ შეძლებენ ამ საბოლოო პროცესებზე დაჩქარებით მუშაობას.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს უნგრეთის პარლამენტის სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო. მმართველი პარტიის, „ფიდესის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდნენ. შესაბამისად, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა, სულ მცირე, 26 თებერვლამდე გადაიდო. სწორედ ამ დროს დაბრუნდებიან უნგრელი პარლამენტარები ზამთრის არდადეგებიდან.