ვებგვერდ Quora-ზე კიბერთავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა 100 მილიონამდე ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემები მოიპოვეს
ვებგვერდ Quora-ზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა 100 მილიონამდე ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემები მოიპოვეს, მათ შორის პირადი შეტyობინებები. ამის შესახებ ნათქვამია ვებგვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ვებგვერდის ხელმძღვანელობამ მომხდარის შესახებ პარასკევს შეიტყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის სისტემასთან მესამე მხარეს არაავტორიზებული წვდომა აქვს.
ვებგვერდი Quora ინტერნეტფორუმს წარმოადგენს, სადაც მომხმარებლებს ანონიმურად კითხვების დასმისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
ჰაკერების მიერ მოპოვებული მონაცემები მოიცავს 100 მილიონამდე მომხმარებლის სახელებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, IP-მისამართებს, პაროლებს, კითხვა-პასუხებს, კომენტარებსა და პირად შეტყობინებებს.
ვებგვერდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიბერთავდასხმისას ჰაკერებს არ ჰქონიათ წვდომა ანონიმურ კითხვებსა და პასუხებზე.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ ყველა პრობლემისა და უხერხულობის გამო, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას“, – განაცხადა Quora-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ დანჯელომ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.