ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მაგისტრანტები ქართული ღვინის კულტურის გასაცნობად საქართველოში იმყოფებიან
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობის გასაცნობად საქართველოში იმყოფებიან.
გაცნობითი ტურის ფარგლებში 18 კაციანმა ჯგუფმა ქართლსა და კახეთში, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მოინახულა. მაგისტრანტები ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ და სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები დააგემოვნეს.
OIV-ის წარმომადგენლები ეწვივნენ შემდეგ კომპანიებს: „ორი მარანი“, „შუმი“, „ფაფარი ველი“, „ორგო“, „მევენახეობა ვაზიანი“, „წინანდლის მეღვინეობა“, „ბაგრატიონი-1882“, „შატო მუხრანი“, ასევე მექვევრე ზაზა კბილაშვილს.
სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა.
თბილისში დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან. OIV-ის მაგისტრანტები უკვე მესამე წელია სტუმრობენ საქართველოს. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველო სასწავლო პროგრამის სავიზიტო ქვეყნების სიაში 2016 წლიდან ჩართო.