ვაზიანში  ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
ვაზიანში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი და IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩასართავად მზად არის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და ყურადღება მსოფლიოს უსაფრთხოებასა და მშვიდობის განმტკიცებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება უსურვა. სამშვიდობო კონტინგენტს მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა კი სამხედროებს ქართულად მიმართა.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს. IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული კი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონს ჩაანაცვლებს, ხოლო IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული როტაციის წესით II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს.