ვაზიანში ავარიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავარიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სამხედრო ჰოსპიტალში შეყვანილ ორ პაციენტს თავის არეში ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება.
„ჩვენთან დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ პაციენტებს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი ადეკვატურია, იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა დავით ბარლიანმა.
ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც ვაჟა შათირიშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს კი, საფრთხე არ ემუქრება.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.