ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო
ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი, ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი 23,8 კმ-იანი 4 ზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითავლისწინებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მილიონ ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მოწყობა და მიწის სამუშაოები.

„​თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.