საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მათე ვაწაძე კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ განაცხადა.
„ახალი სეზონის დაწყებამდე „გაგრა“ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, მაგრამ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ და საკმაოდ კარგი კონტიგენტი შევკრიბეთ. მაგალითად, ახალ სეზონში „გაგრას“ თავდამსხმელი მათე ვაწაძე დაეხმარება. მათე შეგვითანხმდა, რომ ზაფხულამდე ჩვენთან ითამაშებს. ორი დღეა, რაც შემოგვიერთდა, სამედიცინო შემოწმება გაირა და ტრანსფერის დადასტურებას ველოდებით უზბეკეთიდან, სადაც ბოლოს თამაშობდა. მათე გამოცდილი თავდამსხმელია და ვარჯიშებზეც ჩანს, რომ სულ სხვა დონის მოთამაშეა. ახალ სეზონში მისი დიდი იმედი გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გაგა კირკიტაძემ.
„გაგრას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდი სხვა საინტერესო მოთამაშეებითაც გაძლიერდა.
„დავიმატეთ მეკარე ბექა ქურდაძე, ასევე ნიკა ჭანტურია, ზურაბ სეხნიაშვილი, შოთა კერძევაძე, თემურ შონია, ვალერი ვოლხოვი, გიორგი ბუხაიძე, მათე კვირკვია, თემურ ჩოგაძე. კიდევ ერთ ფეხბურთელთან მიდის მოლაპარაკება, რომელიც მზადაა, ძლიერი გუნდიდან წამოვიდეს, მაგრამ ჯერ მის გვარს ვერ დავასახელებ. ჩვენ ბათუმის და თბილისის „დინამოებს“ და „ტორპედოს“ არ შევედრებით, მაგრამ „გაგრასთან“ იოლი გასეირნების იმედი ნურავის ექნება. გვსურს, მოვძლიერდეთ და სამომავლოდ კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ“, – ამბობს კირკიტაძე.
33 წლის მათე ვაწაძემ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2011 წელს გადავიდა ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“. მერე იყო გორის „დილა“, რომლის ფორმითაც გაატარა ევროპის ლიგის 2012-2013 სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშა. შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ („ორჰუსს“ 3 გოლი გაუტანა, „ანორთოსისს“ – 2) მათემ 2012 წლის 2 სექტემბერს, დანიურ „ორჰუსთან“ 3,5- წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ასევე ითამაშა „სილკებორგში“, „ვიბორგში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ლატვიის „ლიეპაიაში“, ბოლოს უზბეკურ „კიზილკუმში“ გამოდიოდა. 2011 წელს გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში, რომლის ფორმით 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მათ შორის, საფრანგეთის ნაკრებთან გასვლით მატჩში.