ვაწაძის გოლი ელიგის მე-15 ტურში საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში საუკეთესოდ მათე ვაწაძის გოლი დასახელდა, რომელიც მიმდინარე სეზონში უდავოდ გამორჩეული იყო.

ეროვნულ ლიგის მე-15 ტურში „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა და უშუალო კონკურენტი 2:0 დაამარცხა. მათე ვაწაძემ ანგარიში 48-ე წუთზე გახსნა – გიორგი ქიმაძის ჩაწოდებული ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში ულამაზესი „მაკრატელა“ დარტყმით გააგზავნა და მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

„გაგრამ“ ბოლო 5 ტურში მეოთხე გამარჯვებით 16 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, რაშიც 35 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა – გუნდმა მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა, რომელთა 38 პროცენტი ვაწაძის აქტიურობის შედეგია. მათემ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მათე ვაწაძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია და საქართველოს ნაკრების მოთამაშე იყო, რომლის ფორმითაც 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. საქართველოს გარდა, უთამაშია დანიაში, რუსეთში, ლატვიაში და უზბეკეთში.