საფეხბურთო ტაიმაუტი | მათე ვაწაძე - ვფიქრობ, წელს ნავსი გატყდება და ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფში მოხვდება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | მათე ვაწაძე - ვფიქრობ, წელს ნავსი გატყდება და ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფში მოხვდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი „გაგრას“ თავდამსხმელი მათე ვაწაძე იყო. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი იმედოვნებს, რომ წელს ნავსი გატყდება და რომელიმე ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

„ჩემგან რთულია იმაზე საუბარი, გაიზარდა თუ არა ინტერესი ჩვენი ჩემპიონატს მიმართ, რადგან საქართველოში დიდხანს არ მითამაშია და წელს დავბრუნდი. რაც შემიძლია ვთქვა, ლიდერებსა და ბოლოადგილოსნებს შორის მცირე სხვაობაა. „ლოკომოტივს“ თუ არ ჩავთვლით, ყველა გუნდს აქვს დარჩენისა და ნებისმიერ გუნდთან მოგების შანსი – მათ შორის, ბათუმის „დინამოსთან“, რომელიც კვარაცხელიამ გააძლიერა და ისედაც მაღალი დონის კლუბი იყო.

– „გაგრა“ კარგადაა დაკომპლექტებული. ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს გაგა კირკიტაძე, რომელსაც საკუთარი ხედვები აქვს. პირადად მე მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მუშაობა მსიამოვნებს. მისგანაც იმავეს ვგრძნობ და ვცდილობ, გვერდში დავუდგე. ძალიან მომწონს დღევანდელი ჩემპიონატი იქიდან გამომდინარე, რომ ვერავინ ვერავისთან მოგებას ვერ დაგეგმავს, მით უფრო – გასვლაზე.

– რაც შეეხება გაიზარდა თუ არა დონე – ბათუმის „დინამოს“ ყველანაირი რესურსი აქვს, რომ შევიდეს თუნდაც ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ან კონფერენს ლიგის ჯგუფში. პოტენციალი და რესურსი აქვს „დინამო თბილისსაც“ და ვფიქრობ, წელს ნავსი გატყდება და ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფში მოხვდება.

– მაქვს თუ არა ნაკრებში დაბრუნების იმედი? მოქმედი ფეხბურთელი რომ ხარ, ცდილობ, ქვეყნის საუკეთესოებში მოხვდე. ეს მიზანი თუ გაგიქრა, თამაშს აზრი არ აქვს და ჯობს, სხვა სფერო მოძებნო. მე მგონია, რომ ნაკრებში სათამაშოდ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფორმაში იყო“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მათე ვაწაძემ.

დატოვე კომენტარი