პარტია „ლელო“ კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო თანამდებობიდან გადადგეს
„ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.
მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტი არაპროფესიონალურად ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.
„არ არსებობს სიტყვები, რამაც შეიძლება, დაამშვიდოს მშობლები იმ ახალგაზრდა გოგონასი, რომელიც შეეწირა არაპროფესიონალიზმს, შეეწირა იმას, რომ ვაკის პარკის ეგრეთ წოდებული მიმდინარე რეკონსტრუქცია, რომელზეც დაიხარჯა 33 მილიონ ლარზე მეტი და ამხელა პომპეზურობით გახსნა გუშინ ჩვენმა მერმა, თურმე მოუმზადებელი იყო.
ეს არის ზუსტად ნეპოტიზმი, რადგან ტენდერებს იგებენ კომპანიები, რომლებიც შემწირველები არიან ამ ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიის. ეს არის დიდი ტრაგედია. ბავშვი იმიტომ კი არ დაიღუპა, რომ ავად იყო, არამედ იმიტომ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა არ ვარგა, არ იციან, რას აკეთებენ, მუშაობენ არაპროფესიონალები ყველა მიმართულებით. ახლა გამოდიან და ისეთი რაღაც მოვისმინე, რაც სრულად მიუღებელია – მშობელი რატომ არ ახლდაო. არ გრცხვენიათ? ჩაბარებულ ობიექტზე, აუზზე, შადრევანზე რატომ უნდა ახლდეს 13 წლის ბავშვს მშობელი დასასვენებლ პარკში.
რა არის მმართველობა ქვეყნის – ეს არის პასუხისმგებლობა, რა არის ევროპელობა, არის პასუხისმგებლობა. ყველა ნორმალურ და ევროპულ ქვეყანაში ესეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას კი არ გადააბრალებენ როგორც ახლა მოხვდება ელექტრიკოსს ან ვიღაც ხელოსანს, არამედ ქალაქის თავი აიღებდა თავის თავზე და გადადგებოდა.
ჩვენ მოვისმენთ უამრავ გამართლებას, იპოვიან მეისრეს და მას დააბრალებენ. ამ ტრაგედიისგან არავინ არის დაზღვეული. კიდევ სად, როგორ და რას გააკეთებენ და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება, შეეწიროს ჩვენი ქალაქის ამ არაპროფესიონალ მმართველობას? ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ჩვენი ქალაქის მთავრობას, ჩვენი ქალაქის მერს, ის უნდა გადადგეს. უნდა გადადგეს და მთელი მთავრობაც გადადგეს. თანამედროვე სისტემები გულისხმობს იმას, რომ თუ რაღაც ხარვეზია, ავტომატურად ითიშება. ესეც არ არის გაკეთებული. საბჭოთა კავშირშიც არ ვართ, იმის იქით ვართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ქალაქის მერი თავის მთავრობასთან ერთად უნდა გადადგეს“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.