ვატო შაქარიშვილი - „თბილისი იპოდრომ სერვისის“ დირექტორის პოზიცია მყარი და საბოლოო არ აღმოჩნდა, რადგან დიდია ზეწოლა, არ დავუშვებთ საქართველოში, საჯარო სივრცეში გარყვნილების დემონსტრირებას
ვატო შაქარიშვილი - „თბილისი იპოდრომ სერვისის“ დირექტორის პოზიცია მყარი და საბოლოო არ აღმოჩნდა, რადგან დიდია ზეწოლა, არ დავუშვებთ საქართველოში, საჯარო სივრცეში გარყვნილების დემონსტრირებას

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებრედ 13:00 საათზე დაიწყება მშვიდობიანი შეკრება, ჩვენი პოზიცია იქნება მტკიცე და მკაფიო, რომ არ დავუშვებთ საქართველოში, საჯარო სივრცეში ამ გარყვნილების, სიბინძურის დემონსტრირებას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „თბილისი იპოდრომ სერვისის“ დირექტორის პოზიცია, რომ აღარ აპირებდა, დაეთმო კუთვნილი ტერიტორია „პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის, მყარი და საბოლოო არ აღმოჩნდა, რადგან ძალიან დიდია ზეწოლა.

„ძალიან დიდია ზეწოლა, მათ შორის მესაკუთრეებზე. კომპანიის დირექტორმა, რომელმაც დროებით სარგებლობაში იჯარით გადასცა აღნიშნული ტერიტორია ორგანიზატორებს, სადაც იგეგმება ლგბტ „პრაიდფესტივალი“, საჯაროდ, ღიად განაცხადა, რომ აღარ აპირებდა, დაეთმო კუთვნილი ტერიტორია „პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის. როგორც ჩანს, ეს პოზიცია მყარი და საბოლოო არ აღმოჩნდა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დიდია ზეწოლა. იცით, რომ ერთ-ერთი პარტნიორის უკან დგას ჟორიკა რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ცნობილი დამნაშავე. ასევე ძალიან დიდია წნეხი ქვეყნის გარედან. დღეს ვნახეთ აგენტურული ქსელის მეთაურის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, რომელიც გამოვიდა ლგბტ „პრაიდფესტივალის“ მხარდასაჭერად. სიტუაცია ასეა – იქით არის საქართველოს მტრების გაერთიანება და აქ დგას ქართული საზოგადოება, რომლის პოზიციაც არის მტკიცე და ქართული საზოგადოება მშვიდობით, ერთიანობით გააკეთებს იმას, რომ საქართველოში არ შედგეს პრეცედენტი ლგბტ პრაიდფესტივალის საჯაროდ ჩატარებისა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, ჩვენი შეკრება დაიწყება 13:00 საათზე „ლისი ვანდერლენდის“/„ლისი იპოდრომის“ მიმდებრედ, ცალსახად მშვიდობიანი, მაგრამ ჩვენი პოზიცია იქნება მტკიცე და მკაფიო, რომ არ დავუშვებთ საქართველოში, თბილისში ღია, საჯარო სივრცეში ამ გარყვნილების, ამ სიბინძურის დემონსტრირებას“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთმა მეწილემ, მაია ტაბაღუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იპოდრომის ტერიტორიაზე ვერ დაუშვებდნენ „პრაიდფესტივალის“ ჩატარებას.