ვატო შაქარიშვილი - საზოგადოების, ხელისუფლების ერთობამ მოიტანა შედეგი, რომ დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა, ამ მონაპოვარს არ დავთმობთ, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება 30 აპრილის შეკრება
გვსურს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააგონოს ყველას საკუთარი ხმა, ეს შეკრება იქნება გამოძახილი და ხმა იმ საზოგადოებისა, იმ უმრავლესობისა, რომელიც ყოველდღიურად საკუთარი საქმიანობით, საკუთარ ოჯახში, საკუთარ საქმეში იცავს საკუთარ სახელმწიფოს, – ამის შესახებ 30 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
როგორც ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, წლებია, ქართული საზოგადოება თვალს ადევნებს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, მის სუვერენიტეტზე, მის ყველა საყრდენ ღირებულებაზე ორგანიზებულ შეტევას, რაც იმართება ქვეყნის გარედან და ამ პროცესს ქვეყნის შიგნით ჰყავს უამრავი აღმსრულებელი მეხუთე კოლონის სახით.
„ეს ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის, სუვერენტიტეტის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ახალი მასშტაბები შეიძინა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი და მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა, სხვისი ინტერესების სამსხვერპლოზე საკუთარი ხელით მიეტანა საკუთარი ქვეყანა, რითიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საერთოდ ჩვენს მომავალ არსებობას. მხოლოდ ამის გამო გაძლიერდა და ახალი მასშტაბები შეიძინა ქვეყნის გარედან მომდინარე ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობს ყველანაირი აკრძალული მეთოდის გამოყენებით. ამაში ჩართული არიან, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული ძალები. შესაბამისად, გასაგებია, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია საზოგადოებაში ძალიან სერიოზული აღშფოთება და წუხილი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააგონოს ყველას საკუთარი ხმა.
„ეს შეკრება იქნება გამოძახილი და ხმა იმ საზოგადოებისა, იმ უმრავლესობისა, რომელიც ყოველდღიურად საკუთარი საქმიანობით, საკუთარ ოჯახში, საკუთარ საქმეში იცავს საკუთარ სახელმწიფოს, ქვეყანას. რა შედეგები მოიტანა ერის, ბერის, სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების ერთიანობამ, ეს უკვე, ვფიქრობ, ხელშესახებია დღეს, როდესაც მსოფლიო ცეცხლის პირობებში ჩვენი ქვეყანა დგას ფეხზე. ჩვენი ქვეყანა თავისი სუვერენული პოლიტიკით იმსახურებს პატივისცემას და ეს ყველაფერი კონვერტირდება ეკონომიკურ განვითარებაში, დოვლათის შექმნაში. საბედნიეროდ, სწორედ ამ ერთობამ საზოგადოების, ერის, ბერის, ხელისუფლების ერთობამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა და ამ მონაპოვარს ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავთმობთ, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ეს შეკრება.
რაც სისხლით, შრომით, თავგანწირვით მოვიტანეთ, ნამდვილად ვერ მივიტანთ უცხო ქვეყნების სამსხვერპლოზე. არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია, რადგან ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ამ ხალხმა, საზოგადოებამ 2020 წელს უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში ამ ძალაუფლების დელეგირება მოახდინა სწორედ არსებულ ხელისუფლებაზე. ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე საუბრის უფლება აქვს მხოლოდ ისევ იმ ხალხს, ვინც ეს დელეგირება გააკეთა. შესაბამისად, ქვეყნის გარედან და შიგნით ხელმოცარული ოდიოზური პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ხელისუფლების დელეგიტიმაციაზე საუბარი არის ტყუილი, არ ეფუძნება არაფერს“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე აქცია „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ გაიმართება.