ვატო შაქარიშვილი - საქართველოში აღიკვეთა ღია ლგბტ „პრაიდფესტივალის“ ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც
ვატო შაქარიშვილი - საქართველოში აღიკვეთა ღია ლგბტ „პრაიდფესტივალის“ ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც

საქართველოში აღიკვეთა ღია, საჯარო ლგბტ „პრაიდფესტივალის“ ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ჯერჯერობით ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.

„ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც მოპოვებულია სიმტკიცით, ერთიანობითა და სიმშვიდით. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა ვერავინ. გინდა, ამერიკის ელჩის დაორგანიზებული იყოს, გინდა მთელი ლიბერალური სამყაროსი, გინდა ჟორიკა რურუა გამოიყვანონ წინა პლანზე და გინდა სალომე ზურაბიშვილი. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა ვერავინ. როგორც ეს მოხდა დღეს სიმტკიცით, მშვიდობით, ერთობით, აღიკვეთება ყველა სიბინძურე, ყველა პროვოკაცია, რომელსაც დაგეგმავენ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

აქ არის უამრავი ადამიანი, ეს ხალხი არის სტიქიურად, ბუნებრივად აქ მოსული, არანაირი ლიდერი, არანაირი ორგანიზატორობა ამას არ სჭირდება. ხალხმა ნახა, რომ ტერიტორია არის დაცლილი, ის ადამიანები გაიყვანეს. იმ ადამიანებთან არავის არანაირი პრეტენზია, არანაირი ძალადობა, შეურაცხოფის სურვილი არ ჰქონდა. მათი უსაფრთხოება დაიცვა პოლიციამ და გაიყვანეს ტერიტორიიდან. აღიკვეთა საქართველოში ღია, საჯარო ლგბტ „პრაიდფესტივალის“ ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

კითხვაზე, რა არის ახლა თქვენი გეგმა, – ვატო შაქარიშვილმა უპასუხა, რომ „მშვიდობა და გამარჯვების ბოლომდე გაფორმება“.

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალის“ გამართვა იყო დაანონსებული, დაიკავეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებენ. „თბილისი პრაიდმა“ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ფესტივალი არ ჩატარდება თუ სხვა ტერიტორიაზე გაიმართება.