ვატო შაქარიშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ აშშ ხუთი წელია, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან სატელეფონო ზარისთვისაც კი ვერ იცლის, საელჩოდან განმარტებები უნდა მოჰყვეს
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ აშშ ხუთი წელია, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან სატელეფონო ზარისთვისაც კი ვერ იცლის, საელჩოდან განმარტებები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
შაქარიშვილის თქმით, ეს დიდი სკანდალია.
„კონსტიტუციის დამრღვევი, არალეგიტიმური პრეზიდენტი განაგრძობს მავნებლობას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას. საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ იხილა მისი ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხზე, სადაც მან კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს დამაზიანებელი არაერთი გზავნილი. მაშინ როცა რამდენიმე დღე რჩება სტატუსთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე და გაცხადებამდე, სალომე ზურაბიშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ხელისუფლების მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებასთან და სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ის არის საქართველოს პრეზიდენტი, იმ ქვეყნისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწოდებს სტრატეგიულ პარტნიორს და ნახეთ, რა ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა. მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, ანუ ხუთი წელია, ცდილობს, დაუკავშირდეს აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს. არა თუ ვერ მოახერხა შეხვედრა, არამედ, მისი განცხადებით, ტელეფონზეც ვერ დაელაპარაკა. წარმოგიდგენიათ, რას ამბობს ქალბატონი სალომე – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელმძღვანელობა მთელი ხუთი წლის განმავლობაში ვერც კი იცლის არათუ შეხვედრისთვის, არამედ ერთი სატელეფონო ზარისთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან სასაუბროდ. შეიძლება ითქვას, ეს არის ძალიან დიდი სკანდალი. ამ საკითხს სჭირდება პასუხები, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მათი საელჩოდან უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მართალია თუ არა ეს და რას ნიშნავს. გამომდინარე იქიდან, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოს მიმართ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი, რაც სალომე ზურაბიშვილის CBS-თან ინტერვიუში გახადა ცნობილი, სიმართლეს ნამდვილად ჰგავს. გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, ვგულისხმობ ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციას, საქართველოს განიხილავს არა როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ საკუთარ თავს განიხილავს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პატრონს.
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს როცა უწოდებს საქართველოს, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკასთან ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, აშშ-ის ტერიტორიაზე შეღწევა ჩვენს მოქალაქეებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რომ 2021 წელს აშშ-ის ვიზაზე განაცხადის 71% დაუკმაყოფილდათ რუსეთის მოქალაქეებს, ხოლო მხოლოდ 37% საქართველოს მოქალაქეებს. როგორც ჩანს, ასე აღიქვამს სტრატეგიულ პარტნიორობას დღევანდელი ადმინისტრაცია. ასევე, სალომე ზურაბიშვილმაც უნდა გაგვცეს კითხვებზე პასუხი, როდესაც ის ამბობდა, რომ გამიშვით, ჩემი დიპლომატიური კონტაქტები, არხები გამოიყენეთ იმისათვის, რომ სტატუსისთვის ვიმუშაოო. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონს საერთოდ ტელეფონზეც არ პასუხობენ იქ, სადაც რეალურად ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება. როგორც ჩანს, მას ურთიერთობა აქვს საელჩოს კლერკებთან. აღმაშფოთებელი იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ რუსულ მედიაში. ზურაბიშვილმა, რომელიც „ანტირუსული“ გზავნილებით და განწყობებით გამოირჩევა, თუნდაც იმ ინტერვიუში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არაერთხელ გააჟღერა მსგავსი ტიპის განწყობები, სხვათა შორის, აბსოლუტურად შეუსაბამო ქართველ საზოგადოებაში არსებული განწყობებისა, თითქოს ჩვენ რუსეთის მოქალაქეებთან გვაქვს პრობლემა და თითქოს ქართველი ხალხი შეწუხებულია იმით, რომ ამ ქვეყანაში ჩამოდის ძალიან ბევრი რუსი. ჩამოდის უკრაინელიც, ბელარუსიც, ევროპელიც, ამერიკელიც, ჩინელიც, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არის მშვიდობის კუნძული, მრავალმხრივ საინტერესო ტურისტული, ბიზნესის თვალსაზრისით და თუნდაც თავშესაფრის თვალსაზრისით. უკრაინელიც და რუსიც ომს სწორედ საქართველოში აფარებს თავს. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ანტირუსული“ გზავნილებით გამოირჩევა, რეალურად საკვები მისცა დიდი ხნის და სერიოზულ რუსულ პროპაგანდას, რომ იქილიკოს ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-ის გადაცემა „60 წუთში“ განაცხადა: „უკვე ხუთი წელია, პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები – იქნებოდა ეს აშშ-ის პრეზიდენტთან თუ ვიცე-პრეზიდენტთან… სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ, ვფიქრობ, მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“.