ვატო შაქარიშვილი - მივმართავთ მესაკუთრეებს, ვის ტერიტორიაზეც აპირებენ ე.წ. პრაიდფესტივალს, ფესტივალს თუ არ ჩაშლიან, საზოგადოება მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს ამის აღსაკვეთად
ვატო შაქარიშვილი - მივმართავთ მესაკუთრეებს, ვის ტერიტორიაზეც აპირებენ ე.წ. პრაიდფესტივალს, ფესტივალს თუ არ ჩაშლიან, საზოგადოება მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს ამის აღსაკვეთად

არ მივცემთ საშუალებას, „პრაიდფესტივალი“ ჩატარდეს ჩვენი ბავშვების თვალწინ, ლისის ტბის მიმდებარედ. საზოგადოება მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზით ყველაფერს გააკეთებს, რომ აღიკვეთოს ეს აღვირახსნილობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი აგრესიული პროვოკაცია ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

„ლგბტ ორგანიზაციები და მათი პატრონები ქვეყნის გარეთ არ ასრულებენ პროვოკაციებს ჩვენი ქვეყნის მისამართით და საზოგადოების წინააღმდეგ. 8 ივლისს ისინი გეგმავენ მასშტაბური, ღია, საჯარო ე.წ. ლგბტ ფესტივალის ჩატარებას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც არის მთელი ქალაქისთვის საყვარელი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე, სადაც მშობლები საკუთარ შვილებს ასეირნებენ. საჯარო სივრცეში აპირებენ მასშტაბური ღონისძიების, „პრაიდფესტივალის“ ჩატარებას. ეს არის კიდევ ერთი აგრესიული პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც არაერთხელ არა მხოლოდ საქმით, სიტყვით და ქმედებით დაამტკიცა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არასდროს დაუშვებს ქვეყანაში „ლგბტ პრაიდის“ ჩატარებას. ვხედავთ, რა შედეგები მოუტანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ლგბტ პროპაგანდამ. ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება ამ ყველაფრის ნეგატიური შედეგები. ბოლო ათი წლის ჭრილში, მაგალითად, ამერიკასა და საფრანგეთში დრამატულად არის გაზრდილი იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ. ამერიკაში 20%-ს აღწევს და ყოველი მეხუთე 18-იდან 22 წლამდე ახალგაზრდა აცხადებს, რომ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია. საფრანგეთში 22 პროცენტამდე ადის ეს რაოდენობა. საქართველო არასდროს შეეგუება ამ იდეოლოგიის თავზე მოხვევას, ქართული საზოგადოება დადგება ფეხზე, საზოგადოება იქნება მტკიცე და ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზით ყველაფერს გააკეთებს, რომ აღიკვეთოს ეს აღვირახსნილობა, აღიკვეთოს სოდომისა და გომორის მოწყობა ლისის ტბის მიმდებარედ. არ მივცემთ საშუალებას, „პრაიდფესტივალი“ ჩატარდეს ჩვენი ბავშვების თვალწინ, რადგან მკაფიოდ ვამბობთ, რომ სწორედ ასე იწყებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და, საბოლო ჯამში, შედეგად მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. საქართველოში ისედაც ნეგატიური ბალანსი გვაქვს დემოგრაფიაში და ძალიან არასახარბიელო მონაცემებია“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ამასთან, ვატო შაქარიშვილი მიმართავს მესაკუთრეებს, ვის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეც იგეგმება ფესტივალის ჩატარება, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ე.წ. პრაიდფესტივალის პროპაგანდა.

„მოვიძიეთ ინფორმაცია, ვის საკუთრებაში ტარდება ე.წ. პრაიდფესტივალი, სად აპირებენ, ჩაატარონ სოდომი და გომორი ლისის ტბის მიმდებარედ. ეს არის კომპანია „თბილისი იპოდრომ სერვისი“. კომუნიკაცია გვქონდა მესაკუთრეების ნაწილთან, რომლებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ კომპანიასა და კომპანია TBilisi open air-ს შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება. TBilisi open air-ს წარმოადგენს აჩიკო გულედანი, რომელიც არის ღიად ლგბტ პროპაგანდისტი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების მიხედვით, ის აძლევს უფლებას ფესტივალის ორგანიზატორებს, აღვირახსნილობა გამართონ ლისის ტბის მიმდებარედ. საჯაროდ მივმართავთ მესაკუთრეებს, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ე.წ. პრაიდფესტივალის და გარყვნილების, სიცოცხლის წინააღმდეგ იდეოლოგიის პროპაგანდა თბილისში, ლისის ტბის  მიმდებარედ. აღნიშნული ფესტივალი წარმოადგენს პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ძალიან მაღალია საზოგადოებაში ამ ყველაფრის წინააღმდეგ ემოციური ფონი. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, არ ჩაშლიან ე.წ. ფესტივალს, ქართული საზოგადოება შეიკრიბება მიმდებარე ტერიტორიაზე და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში არასდროს მოხდეს პრეცედენტი, საჯარო სივრცეში ჩატარდეს ე.წ. ლგბტ ფესტივალი. ერთ-ერთი მესაკუთრის თანხმობით, ვაცხადებ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ თემაზე მეწილეებს შორის არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და კონკრეტული მეწილეები მათ ტერიტორიაზე პრაიდფესტივალის ჩატარებას არ ემხრობიან. საქართველოში, თბილისში არასდროს ჩატარდება „ლგბტ პრაიდი“ და ფესტივალი. შეგიძლიათ, ნახოთ მათი ე.წ. ლაინაპი. ისინი პირდაპირ აწყობენ მასშტაბურ აღვირახსნილ პროვოკაციას და ღიად აცხადებენ, რომ იქნება დიდი ფესტივალი, სადაც მოახდენენ გარყვნილების დემონსტრირებას შესაბამის სივრცეებში, რომელიც გამოყოფილი იქნება. აპირებენ ე.წ. დრაგშოუებს, რომელიც კვირეულის ფარგლებში გაიმართა მსოფლიოს ქალაქებში და ვნახეთ, რა სიბინძურე, საშინელება ტრიალებდა ქუჩებში. საქართველოში ამას არ დავუშვებთ, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.