ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ
თბილისის საკრებულოს წევრები ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ.
ვატო შაქარიშვილმა პარლამენტის ბანერზე წარწერა გააკეთა: „კობახიძე=გავრილოვს. დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი. რუსეთი ოკუპანტია“. მოგვიანებით კი, შაქარიშვილმა დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი გამოიტანა და რუსულ ენაზე დაწერილი დღის წესრიგის ფურცლები დახია.
შაქარიშვილისა და ჯიშკარიანის თქმით, დღეს მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სწორედ ირაკლი კობახიძეს ეკისრება.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.
სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.