ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი და ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი. სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობათა განვითარებაში.

„დღეს ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და აღვნიშნავთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, რომელიც დაკავშირებულია ისტორიის მრავალი მოვლენით და ღრმად არის ფესვგადგმული ქრისტიანულ კულტურაში“,  – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, ორი სუვერენული სახელმწიფო, საქართველო და წმინდა საყდარი, იზიარებს მშვიდობისა და სტაბილურობის ფასეულობებს, როგორც უზენაეს ნორმებს, რომელთაგანაც უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფოს ქმედებები, ისევე, როგორც სამყაროს ხედვა, სადაც დომინირებს ტოლერანტობა, პატივისცემა და ურთიერთგაგება.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებზეც.

„ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე და კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების წინა პლანზე. დღეს წმინდა საყდარი არის საქართველოს ევროპული გზის, ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი და ცივილიზაციური არჩევანის მტკიცე მხარდამჭერი. ხვალ, ვატიკანის ბაღებში, მექნება პატივი, მონაწილეობა მივიღო ივერიის ღვთისმშობლის ქართული მოზაიკის საინაუგურაციო ცერემონიაში. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რაც იქნება ჩვენი მჭიდრო სულიერი და კულტურული კავშირების მუდმივი დადასტურება“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

საღამოს „სუხიშვილები“ და ანსაბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.