ვატიკანში აცხადებენ, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ზოგიერთი სცენის გამო დამწუხრებულები არიან
ვატიკანში აცხადებენ, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ზოგიერთი სცენის გამო დამწუხრებულები არიან. როგორც ვატიკანის მიერ ფრანგულ ენაზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, წმინდა საყდარი „უერთდება მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში ხმა აიმაღლა, რათა დაგმოს ბევრი ქრისტიანისა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეურაცხყოფა“.
„პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების გარშემო, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის. აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აშკარად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, პოულობს ზღვარს სხვა ადამიანებისადმი პატივისცემაში“, – ნათქვამია ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ვატიკანის განცხადება უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ, ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა. წარმოდგენას სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. პერფორმანსი ასევე გააკრიტიკეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორმა განმარტა, რომ წარმოდგენა, რომელიც ბევრმა „საიდუმლო სერობას“ შეადარა, არ იყო შთაგონებული ლეონარდო და ვინჩის ნახატით და ის უკავშირდებოდა „ოლიმპოს ღმერთებს და წარმართულ დღესასწაულს“.