ვატერლოოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ალექსანდერ ლანოშკა - ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ვლადიმერ პუტინს ნატო-სთან ერთად დისკუსიაში ჩართვის უფლება მისცა
ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ვლადიმერ პუტინს ნატო-სთან ერთად დისკუსიაში ჩართვის უფლება მისცა, – ამის შესახებ განცხადება ვატერლოოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა და ლონდონში მდებარე გეოსტრატეგიული საბჭოს მკვლევარმა ალექსანდერ ლანოშკამ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, დასავლეთს უკრაინიდან ყურადღება სხვა საკითხებზე გადაატანინოს და ამ გზით ნატო-ს წევრების გვერდით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის უფლება მიიღოს.
„რუსეთი ნამდვილად ითხოვს, მისცენ გარანტია, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით, მაგრამ რა სურს რეალურად რუსეთს? ეს უკვე მეორე კითხვაა. რუსეთის მიზანი სულ სხვაა, რადგან რუსეთის ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინის ან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა და ეს აშშ-ის ან ბრიტანეთის პოლიტიკით არაა განპირობებული, რადგან ამ ქვეყნებს ოფიციალურად სურთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდნენ ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრები, არამედ ეს ხდება ნატო-ს შიგნით არსებული წინააღმდეგობის გამო. სავარაუდოდ საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციის გამო. რუსეთმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და იყენებს წინაპირობად, რათა მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს ნატო-ს წევრ სახლემწიფოებთან ერთად და ისაუბროს ზოგადად უსაფრთხოების სიტუაციაზე.
სამწუხაროდ, ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ვლადიმერ პუტინს ასეთ დისკუსიაში ჩართვისა და რუსეთის ხელოვნური პრეტენზიების წარდგენის უფლება მისცა. სინამდვილეში, კრიზისი უკრაინას ეხება და ბაიდენის განცხადების შედეგად კი მივიღეთ, რომ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ზე, რაც სულ სხვა თემაა. კიევის ადგილას შეშფოთებული ვიქნებოდი, რადგან ვხედავთ, რომ საუბრის მთავარი თემიდან ყურადღება გადადის სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ლანოშკამ.
ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ საქართველის რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას სავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.