ვასილ ურუშაძე - თუ სატრანსპორტო პოლიტიკა ქვეყანაში პრიორიტეტული არ გახდება, შეუძლებელია, წარმატებაზე მხოლოდ ერთი პროექტით ვისაუბროთ
ვასილ ურუშაძე - თუ სატრანსპორტო პოლიტიკა ქვეყანაში პრიორიტეტული არ გახდება, შეუძლებელია, წარმატებაზე მხოლოდ ერთი პროექტით ვისაუბროთ

თუ ქვეყანაში ბოლო წლების სატრანსპორტო პოლიტიკის ტენდენცია და ტვირთბრუნვის სტატისტიკა გაგრძელდა, რომელიც ყოველწლიურად მცირდება, შესაძლოა, ბათუმისა და ფოთის პორტის კომერციული მომგებიანობა ანაკლიის პორტის გარეშეც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, – ამის შესახებ პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ურუშაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მათი დატვირთვა დაახლოებით, 20%–მდეა და აქედან გამომდინარე, პრობლემა არა ამ ორი პორტის კონკურენტუნარიანობა, არამედ დღეს არსებული სატრანსპორტო პოლიტიკაა“, – განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი ეპოქალური პროექტია, რომელიც იდეის დონეზე, სათავეს ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის დასაწყისში იღებს, დღეს კი, უკვე, იმ ეტაპამდე მივიდა, როცა მშენებლობა რეალურად დაიწყო, რაც ურუშაძის თქმით, ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ანაკლიის პორტი ერთ–ერთი პროექტია, რომელიც მთლიანი სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგენელია.

„თუ ხელისუფლება იმ დასკვნამდე არ მივიდა, რომ ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკა პრიორიტეტული გახდეს, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა, შეუძლებელია, წარმატებაზე მხოლოდ ერთი პროექტით ვისაუბროთ. ჩვენ ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს, ვიყოთ არამხოლოდ წარმატებული სატრანსპორტო დერეფანი, არამედ – რეგიონული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბი, რაც რადიკალურად განსხვავებული მოდელია. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ როგორც გამტარი, ასევე ტვირთების მიმღები, გამანაწილებელი. ამისთვის ყველანაირი პირობა გაგვაჩნია – გეოგრაფიული მდებარეობა, საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აქვს და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც მივაღწიეთ. რეალურად, ჩვენ ვართ მზა პლატფორმა, რომ საქართველო არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ სავაჭრო–ეკონომიკური, ფინანსური, შემდეგში კი საგანმანათლებლო, სამედიცინო ჰაბი გახდეს“, – განაცხადა პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი პრობლემა, რატომაც ეს ვერ ხერხდება, სახელმწიფოს არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკაა. 

„რეალურად, არ არსებობს ტრანსპორტის პოლიტიკის რამე დოკუმენტი, ტრანსპორტის სექტორის ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია. მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი უწყება და პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე აიღებს. ჩვენი რეკომენდაციაა, პირველ ეტაპზე სტრუქტურული პრობლემები მოვაგვაროთ, რაც ნამდვილად გვაქვს და რაც აბრეშუმის გზის ფორუმზეც გამოჩნდა, სადაც ქვეყნის ტრანსპორტის პოლიტიკას ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენდა. ინფრასტრუქტურის მინისტრი კი, რომელიც ანაკლიის პორტისა და სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტების კურატორია, არცერთ პანელზე არ იყო”, – განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, წარმოუდგენელი გადაწყვეტილება იყო, როცა „აბრეშუმის გზის“ პროექტში ფინანსთა მინისტრი წარადგინეს, რომელსაც ტრანსპორტის პოლიტიკასთან და თუნდაც, ინფრასტრუქტურასთან არანაირი სტრუქტურული შემხებლობა არ აქვს.

„ეს მნიშვნელოვანი პრობლემა, საბოლოო ჯამში, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ვასილ ურუშაძემ.