ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. კოალიციურ მთავრობაში მისი დასახელება რომელიმე პარტიისადმი კუთვნილებას არ ნიშნავს
ვეპატიჟებით გივი მიქანაძეს ორგანიზაციის ოფისში, გაატაროს ერთი სრული დღე ჩვენთან ერთად, დასამალი არაფერი გვაქვს, ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია ვართ და დაინახოს ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც კონკრეტული ფინანსური სარგოს გარეშე აკეთებენ საქმეს, რომელიც ერთობლიობაში ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, – ამის შესახებ პლატფორმა 20/20-ის ხელმძღვანელმა, ვასილ ურუშაძემ განაცხადა.
ვასილ ურუშაძე გივი მიქანაძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მიქანაძე აცხადებდა, რომ პლატფორმა 20/20 დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ურუშაძის თქმით, მან მიიღო შემოთავაზება გაერთიანებული ოპოზიციისგან, იმ შემთხვევაში, თუ თბილისს ეყოლება კოალიციური მთვარობა, ჩაიბარებს ყველაზე საპასუხისმგებლო სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებას.
„როგორც ჩანს, გივი მიქანაძეს ძალიან სურს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გავხდე, თუმცა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპარტიულს მიწოდებენ. დიახ, მე მივიღე შემოთავაზება გაერთიანებული ოპოზიციიდან, იმ შემთხვევაში, თუ თბილისს ეყოლება კოალიციური მთავრობა, ჩავიბარო ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულება, ეს არის ტრანსპორტის პოლიტიკა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, გვაქვს არაერთი კვლევა არაერთ რეკომენდაცია, ხედვა. ვფიქრობ, როცა გეძლევა შესაძლებლობა, რომ შენი ხედვები და რეკომენდაციები აქციო საქმედ, უარის თქმა არის პასუხიმგებლობის არიდება, ამიტომ მე ამით მხოლოდ პასუხიმგებლობა ავიღე. რაც შეეხება გივი მიქანაძის განცხადებას, ეს არის დისკრედიტაცია ჩვენი ორგანიზაციის, ასეთი ბრიფინგი რამოდენიმე იყო „ოცნების“ შტაბში. ისინი მარტო ბრიფინგებით არ შემოიფარგლებიან ხოლმე, მეტიც ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც მათ საფარ ქვეშ არიან, საარჩევნო უბნებზე ჩვენს დამკვირვებლებს ესხმიან თავს, ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, ამის არაერთი ვიდეომტკიცებულება გვაქვს, რომელიც წარვადგინეთ პირველი ტურის შემდეგ. არჩევნებში ჩვენი ჩართულობა ემსახურებოდა მოხალისეობრივ ჩართულობას, პროცესში იყვენენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან მოტივირებულები, რომ იყვნენ დემოკრატიული განვითარების პროცესის თანამონაწილეები. ამას ვერ იგებს გივი მიქანაძე. რადგან ვერ იგებს, ვეპატიჟებით მიქანაძეს ოფისში, გაატაროს ერთი სრული დღე ჩვენთან ერთად, დასამალი არაფერი გვაქვს, ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია ვართ და დაინახოს ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც კონკრეტული ფინანსური სარგოს გარეშე აკეთებენ საქმეს, რომელიც ერთობლიობაში ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას“, – განაცხადა ურუშაძემ.