ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური სერიალი „მოგზაურობა ისტორიაში - აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ ინგლისურ ენაზე პირველი არხის იუთუბარხზე
19:08, 01.09.2022
ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური სერიალი „მოგზაურობა ისტორიაში – აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“, საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, დღეიდან ინგლისურ ენაზე საქართველოს პირველი არხის იუთუბარხზე იქნება ხელმისაწვდომი.
10-ეპიზოდიანი საავტორო პროექტი აბრეშუმის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე გვიამბობს.
„ეს გზა გაიარეს ორი მილიონი წლის წინ პირველმა ევროპელებმა. გზა, რომელიც ალპურ მდელოებზე, სუბტროპიკებში, პრეისტორიულ ტყეებსა და უდაბნოებში გადის. გზა, რომლისთვისაც დიდი იმპერიები სამი ათასი წელი ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ გზის გამო აშენებდნენ ქალაქებს და იწყებდნენ დამანგრეველ ომებს. ეს იყო ცივილიზაციათა შეჯახების ადგილი; ხიდი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
30-წუთიანი ეპიზოდებით გადაცემის ავტორი მაყურებელთან ერთად იმ გზას გადის, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთითა და სამხრეთით არსებულ ცივილიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებდა.