ვასილ მაღლაფერიძე - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის დოკუმენტი, როგორი სახელმწიფო გვინდა
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის დოკუმენტი, როგორი სახელმწიფო გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„მინდა, როგორც ერთმა მოქალაქემ, მადლობა ვუთხრა სამინისტროს ამ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თავიდან დაწყება-გააქტიურებისთვის. ეს არის იმ კონსტიტუციის რეალური პრეამბულა, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს. რადგან ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, არეგულირებს ჩვენ შორის თანხმობას, ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და ეს არის დოკუმენტი, როგორი სახელმწიფო გვინდა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, როდესაც მიდის კამათი შეთანხმებასა და დეპოლარიზაციაზე, აქ არ არის ხოლმე ღრმა ხედვა.
„ჰგონიათ, რაღაც თაფლაკვერით ან შეიძლება, ბუტე-ბუტე გაგებუტეთი იყოს ეს ამბავი. აქ ძალიან ფუნდამენტურ განსხვავებაზეა საუბარი. კამათი რომ მიდის, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თუ არა, აბა, რაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ?! ქვევრის ფუნქცია ხომ არის შიგთავსის დაცვა? დოკუმენტის პირველ პუნქტში რომ წერია, ისტორია უნდა იცოდესო, სწორედ ესაა ამბავი. რომელმა იმპერიამ თუ სახელმწიფომაც არ იზრუნა ამაზე, გაქრა ამ მიზეზით ან რაღაც სხვადასხვა მიზეზის გამო. როცა ვიმეორებთ ილიას ფრაზას: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. სხვას კი არ უნდა ჰქონდეს ჩაბარებული, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. ამას ამბობს ილია ლელთ ღუნიას პირით. ჩვენ თუ არ ვიფიქრეთ, როგორი უნდა იყოს მომავალი თაობა და როგორი იქნება მთელი ჩვენი სწავლება, ამას ვინ იზამს? ე.ი. ყოველგვარი დამცავი უნდა მოვიშოროთ? ამაზე ჩვენ თუ არ ვიფიქრეთ, სხვა იფიქრებს. ეს არის ფიქრის უფლების წართმევა და ამიტომ, ეს უპირველესი მოვალეობაა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
როგორც მაღლაფერიძემ განაცხადა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის დოკუმენტი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა ეკიდოს, რადგან ეს არის უმთავრესი დოკუმენტი.
„ქვეყნის ძირითადი ნაწილი უნდა შეთანხმდეს, როგორ ქვეყანას ვხედავთ 10, 20 თუ 30 წლის შემდეგ. როცა ილია ამბობდა: „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ და „მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია“, როგორს ვხედავთ იმ ახალს, რომელთაც უნდა აღადგინონ ეს ქვეყანა? თუ ჩვენ არ განვსაზღვრეთ, საით უნდა წავიდეს ჩვენი გემი ამ ოკეანეში, სხვა განსაზღვრავს ამას დიდი სიამოვნებით, მაგრამ მერე ჩვენ რამდენად ვიქნებით ჩვენ, ეს სხვა საკითხია“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, დოკუმენტი მუშაობას მიღებისთანავე დაიწყებს.
„მიღებისთანავე უნდა დაიწყოს მუშაობა და დაიწყებს, თუ ჩვენ, საზოგადოება ძალიან ცუდად არ მოვიქეცით და იმედი მაქვს, არ მოვიქცევით ცუდად. ერთი იდეა რომ ტრიალებს, დოკუმენტი არ გვინდა, სახელმწიფოც არ გვინდა და ყველაფერს თვითონ მოევლება, რასაკვირველია, ფიგურირებს და ზოგჯერ უხეშადაც, მაგრამ ეს არ არის პოპულარული, ვერ გაუძლებს და გაქრება, თუმცა ეცდებიან მეორე რამეს, რომ ეს დოკუმენტი იქნეს დავიწყებული, ვითომ არ არსებობს, ვილაპარაკეთ და მერე გადაიდო. თუ ეს დოკუმენტი დავიწყებული არ იქნა, ის ძალიან იმუშავებს, რადგან ეს დოკუმენტი თითქოს იმავე ფრაზებს იმეორებს, მაგრამ არსს ცვლის მთლიანად და ქვეყნის მოდელს, მიზანს აყალიბებს. ეს არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიცოდეთ, რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ. მე რომ მომწონს და იმას რომ მოსწონს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ერთად უნდა შევთანხმდეთ, რა ქვეყანას ვაშენებთ და ეს ამ დოკუმენტში ჩანს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ თუ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს ამ ფორმით მივიღებთ, ყველა კანონი, რომელიც შემდგომ მიიღება, უნდა შეფასდეს, რამდენად იქნება შესაბამისობაში ამ დოკუმენტთან.
„ქვეყნის მომავლის დანახვის ასეთი მცდელობა დოკუმენტირებულად, მე პირადად არ ვიცი, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ვართ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.