ვასილ მაღლაფერიძე - ვინც მეგობრობაზე სხვანაირად აპელირებს, ის ეჭვქვეშ აყენებს ადამიანობის არსს
პირველი არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი ზაზა შათირიშვილი ღირსეული კანდიდატი იქნება.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ზაზა შათირიშვილი რომ მისი მეგობარია, ამით არაფერი იცვლება და ამ თემაზე აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი.
„შეიძლება, ამ კომისიაშიც და წევრებს შორის არიან ჩემი სხვა მეგობრებიც, მაგრამ ამით რა იცვლება?! ზაზა შათირიშვილი არის ღირსეული კანდიდატი. მის გარშემო აჟიოტაჟი კი ხელოვნურად არის შექმნილი. ის არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა. თუ მან დღევანდელ გასაუბრებაზე დასმული შეკითხვის პასუხად გარკვეული ინფორმაცია არ იცოდა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ მოვა, ნახავს და გაიგებს. ეს არ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ მედიით გავრცელებულ ფოტოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შეხვედრაზე ზაზა შათირიშვილზე საუბარი არ ყოფილა.
„ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა და პოლიტიკურად მოტივირებული. ვინც მგობრობაზე აპელირებს, ის ცუდად აღიქვამს სამყაროში მიმდინარე პროცესებს. მეგობრობა აქაც, ბრაზილიაშიც და სამხრეთ აფრიკაშიც ხელს უწყობს ადამიანებს. ვინც ამაზე სხვანაირად აპელირებს, ის ეჭვქვეშ აყენებს ადამიანობის არსს“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„ეს ფაქტობრივად, პოლიტიკური ბორდია და საბოლოოდ, მათ ირჩევენ პარლამენტარები, ვისაც ისინი ჩათვლიან, ისინი გახდებიან ბორდის წევრები. ყველას გვინდა, რომ ბორდში იყოს „დიმიტრი გელოვანი“, კომპეტენტური და განათლებული ადამიანი.
თუ გაქვთ პოლიტიკური მახსოვრობა და გაიხსენებთ, ნახავთ, რომ ზოგს არათუ პოლიტიკური სიმპათია აქვს, პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და მერე რა? ამას რა მნიშვნელობა აქვს. ადამიანი, ვინც პოლიტიკური ცხოვრებიდან გვერდზე დგას და პოლიტიკური ინტერესები არ აქვს, სტერილური ადამიანია და ეს ნაკლია. ვერ დამისახელებთ კომისიის წევრს, რომელიც ნეიტრალურია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.