ვასილ მაღლაფერიძე - ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო, ყველაზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო
ევროპას არცერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს სადღაც ყურმოკრული მტკნარი სიცრუე ევროპის სიკარგის და სხვაზე აღმატებულობის არგუმენტი ჰგონია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, „ვისაც ისტორის წიგნში ცალი თვალით მაინც ჩაუხედავს, მისთვის ნათელია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო, ყველაზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო“.
„საწინააღმდეგოს მტკიცებას და ასეთი უხეში შეცდომის დაცვა-გამართლებას ჩვენი საყველაფრო ექსპერტ-ანალიტიკოსებიც ვერ შეძლებენ.
P.S. ომი კი, ზოგადად, კაცობრიობის თანმდევი სენია და თუ ადამიანებს ძალა გვერჩის, პაციფიზმი გვავიწყდება ხოლმე. სამწუხაროდ, ეს სისუსტე ერთნაირად გვახასიათებს ყველას – განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და გეოგრაფიული მდებარეობისა.
დაბოლოს, სასწრაფოდ არის დასაწყები მრავალგზის დაპირებული განათლების რეფორმა.
P.P.S. ზოგის აზრით (ან ასე უნდა, რომ ესმოდეს), პრეზიდენტმა, მართალია, ევროპა თქვა, მაგრამ, ევროკავშირი იგულისხმა, რაც ასე ვერ იქნებოდა, რადგან ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებაა, არც ჯარი ჰყავს და ომთან კავშირი არა აქვს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.