ვასილ მაღლაფერიძე - წლების წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ხშირად ნიჰილისტური საუბრები იყო, მაგრამ ღიად ვამბობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ არის წარსული, ეს არის მომავალი
საზოგადოებასა და პარლამენტში დაინახეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დგას ფეხზე და თანდათან სრულფასოვნად შეასრულებს იმ როლს, რომელსაც საზოგადოება მისგან ელოდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტს ანგარიში წარუდგინა.
მისივე თქმით, წლების წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ხშირად ნიჰილისტური საუბრები იყო, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ არის წარსული, არამედ არის მომავალი.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ეს ჩანს იმ ადამიანების შედეგიან მუშაობაში, ვინც ამ არხზე მუშაობს.
„პარლამენტში გამორჩეულად საქმიანი მოსმენა იყო, ძირითადად იყო კეთილგანწყობა ყველას მხრიდან. წლების წინ, ხშირად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნიჰილისტური საუბრები იყო, მაგრამ ღიად ვამბობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ არის წარსული, ეს არის მომავალი. ეს ჩანს იმ ადამიანების შედეგიან მუშაობაში, ვინც ამ არხზე მუშაობს. ვფიქრობ, პარლამენტშიც გამოჩნდა, რომ ამას ხედავს ყველა მხარე“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი რამით არის მკვეთრად გამორჩეული, ეს არის მაქსიმალური ნეიტრალურობა და მაღალი ხარისხი.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი რამით არის მკვეთრად გამორჩეული. პირველი – ეს არის მაქსიმალურად ნეიტრალური მოთამაშე მედიაბაზარზე. ნეიტრალური არ ნიშნავს ცივსისხლიანს, ჟურნალისტებს აქვთ თავისუფლება და არ მოქმედებენ დამფუძნებლის პოლიტიკური და მედიაინტერესებით, რაც ბუნებრივია, ყველა კერძო არხი ასე მოქმედებს. მეორეა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარისხი – ქართული გადაცემების დიდი რაოდენობაა, არის მაღალი ხარისხი და მაღალ გემოვნებაზე ორიენტირებული სხვადასხვა გადაცემა, რაც საზოგადოებრივი დაკვეთაა. სწორედ ამაში გამოიყენება ის დაფინანსება, რომელიც დღეს იქცა ინსინუაციების საგნად. დაფინანსება არ არის იმდენი, რამდენსაც ხშირად ნიშნის მოგებით ასახელებენ, მაგრამ საკმარისია და ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ, რომ ეს თანხა ძალიან რაციონალურად იხარჯება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.