ვასილ მაღლაფერიძე - ვიდრე დაპირებული ორშაბათი გათენდება, დღეს ცხადი გახდა, რომ ოპოზიციურმა სამეულმა უკან დასახევი საბოლოოდ მოიჭრა, აწი მათი პარლამენტში შესვლა ხარაკირის ტოლფასი იქნება
ვიდრე დაპირებული ორშაბათი გათენდება, დღეს ცხადი გახდა, რომ ოპოზიციურმა სამეულმა უკან დასახევი საბოლოოდ მოიჭრა და აწი მათი პარლამენტში შესვლა ხარაკირის ტოლფასი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაღლაფერიძე წერს, „პრეზიდენტის გეგმა-დაპირებაც ქარტიაზე და ტექნიკურ მთავრობაზე ჩაილურის წყალს სვამს“.
„სხვა გზა აღარ აქვთ, რა გეგმაც არ უნდა დადონ ორშაბათს, მისი შინაარსი მხოლოდ ის იქნება, რომ ბოლომდე მიაწვნენ გაყალბების თემას, თუმცა რამე განსაკუთრებულ აქტივობას არც ამ მიმართულებით იჩენენ და უცხოეთიდან უფრო ცდილობენ მუხტის შენარჩუნებას, ვიდრე ქვეყნის შიგნით. პრეზიდენტის გეგმა-დაპირებაც ქარტიაზე და ტექნიკურ მთავრობაზე ჩაილურის წყალს სვამს და არც მაიდნის და რევოლუციის მოსაწყობად აუცილებელი საბაბ-დოკუმენტაცია არ ჩანს. ცოტა ხანში ფორმალური პროცედურები დასრულდება, პარლამენტი მუშაობას შეუდგება და ოპოზიციას მოუწევს განცხადების დაწერა პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობა აქვს გახარიას პარტიას, რომელიც დღემდე ორაზროვან პოზიციას ინარჩუნებს და პარლამენტში შესვლის მიზეზის პოვნა არ გაუჭირდება“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე ფეისბუქპოსტში.