ვასილ მაღლაფერიძე - ვაკვირდები, როგორ კომპლექსდებიან ჟურნალისტები, წამყვანები, პროდიუსერები, რომ თავისუფლად არ ვთქვა ჩემი აზრი, რადგან მოღალატედ გამომაცხადებენ, ძალიან მაღალი თვითცენზურა იქმნება
ვასილ მაღლაფერიძე - ვაკვირდები, როგორ კომპლექსდებიან ჟურნალისტები, წამყვანები, პროდიუსერები, რომ თავისუფლად არ ვთქვა ჩემი აზრი, რადგან მოღალატედ გამომაცხადებენ, ძალიან მაღალი თვითცენზურა იქმნება

ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება კი არის, მაგრამ აზრის თავისუფლება არ არის, რადგან მიდის აზრზე ტერორი, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მე ვაკვირდები, როგორ კომპლექსდებიან ჟურნალისტები, პროდიუსერები, წამყვანები, რადგან ისინი იდევნებიან და ყველა ფიქრობს, თავისუფლად არ ვთქვა ჩემი აზრი, რადგან მოღალატედ გამომაცხადებენ და იქ, სადღაც ცენტრში მოღალატედ თუ გამომაცხადეს, შეიკვრება მთელი წრე და დილიდან საღამომდე ატყდება ამბავი, ჩემი ახლობლები და ოჯახი შევიწროვდებიან და ა.შ. ყველას არ აქვს ამ თვალსაზრისით სქელი კანი და ადამიანი რკინის არ არის. შეიძლება, ვინმე ვერ გრძნობს და მაპატიონ ჟურნალისტებმა, ვინც ამას ვერ გრძნობს, მაგრამ მე, მაგალითად, ამას ვგრძნობ და მეჩვენება, რომ უკვე ძალიან მაღალი თვითცენზურა იქმნება. ერთი მხრივ, ვლაპარაკობთ, რომ სიტყვის სრული თავისუფლებაა და თუ ჩვენც ვიკადრებთ, შეგვიძლია, შევიგინოთ კიდეც, რადგან ფილმიდან იქნება ეს თუ გადაცემიდან, დედის გინება მიდის ხოლმე და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ განსხვავებული აზრის მიმართ არის სრული აუტანლობა, მათ შორის, იმათგან, ვისაც ევალება განსხვავებული აზრის მიღება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ნორმალური არ არის, როდესაც ადამიანებს განსხვავებული აზრის თქმა არ შეუძლიათ.

„განსხვავებული აზრი ის არ არის, მე რომ ვამბობ, რაღაცას გაუმარჯოს-თქო, სხვა სამჯერ იტყვის და მე – ხუთჯერ; ეს არ არის განსხვავებული აზრი. მაგალითად, შეიძლება, ჩვენ გვერდით იყოს ადამიანი, რომელსაც ასე მიაჩნია, არ ასვენებს გამჩენი და წერილებს წერს, რომ არ უნდა რაღაც ორგანიზაციაში შესვლა ან გამოსვლა და ა.შ., მაგრამ აზრის გამოთქმის ეშინია. ევროპელობას, ჩვენი მსოფლმხედველობით, მრწამსით და ისტორიით საუკუნეების წინ დაადგა საქართველო. სხვათა შორის, განათლების დეფიციტის გამოა, ზოგიერთს რომ ეჩვენება, რომ მან გადაწყვიტა ეს საკითხი და მის დროს გადაწყდა. არადა, ეს ჩვენი ორიენტაცია, მე მგონი, წმინდა ნინოს შემოსვლამდე და კიდევ უკან იყო გადაწყვეტილი და არ უნდა ამას წამდაუწუმ ლაპარაკი. მეჩვენება, რომ ადამიანები უკვე კომპლექსის გამო ამბობენ, ჩვენ ევროპელობა გვინდაო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ეს ადამიანები ევროპელობას ასეთი სტილით იჩემებენ, ეს არის აბსოლუტურად ანტიევროპული მოძრაობა განსხვავებული აზრის მიმართ.

ვასილ მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, თვითცენზურა პირველ არხზეც არსებობს.

„სხვათა შორის, ეს არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, რომ თვითცენზურის არსებობა აქაც მაწუხებს, ამ ტელევიზიაში. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, ვთქვა, რომ არავითარ ცენზურას ეს ტელევიზია არ განიცდის და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს ტელევიზია თავის დროზე განიცდიდა წნეხს და ის კონკრეტული ადამიანები, დღეს რომ ლაპარაკობენ ხოლმე ცენზურაზე და ვითომ ამ ტელევიზიაზე ზრუნავენ, ყელში ახრჩობდნენ ამ ტელევიზიას, პირდაპირი მნიშვნელობით. დღეს ცენზურა არ არის, მაგრამ თვითცენზურა არის და ამისგან უნდა გათავისუფლდნენ; ადამიანები უნდა მიეჩვიონ, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმა მისი უფლებაა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ ასევე აღნიშნა, რომ აზრთან ბრძოლა მხოლოდ აზრით შეიძლება და არა – ტყვიით.

„უნდა ვიცოდეთ, რომ არის რაღაც პაროლი სიტყვები. როგორც კი ადამიანი სიტყვა „მოღალატის“ ხსენებას იწყებს, ის ასრულებს პოლიტიკური ძალის დავალებას; თვითონ შეიძლება, არც იცოდეს, მაგრამ ვიღაცის მარგინალიზაცია უნდა, რომ შემდეგ იმ პოლიტიკურ ძალას გაუხსნას გზა. ასეთი სიტყვებია: მტერი, მოღალატე, მოვიკვეთოთ, ჩავრეცხოთ, ჩავქოლოთ, სამარცხვინო და ა.შ. აზრს უნდა ებრძოლო აზრით. არ შეიძლება, აზრს ებრძოლო ტყვიით და ტყვიაა ეს მოღალატის თემა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.