ვასილ მაღლაფერიძე - უნდათ, ბიძინა იყოს დემონი და ძალიან ცუდი საქმეები აკეთოს, ბიძინა კი „ცუდად იქცევა“ და კარგ საქმეებს აკეთებს, რაც უნგრევთ მათ მიერ შექმნილ სტერეოტიპს
უნდათ, ბიძინა იყოს დემონი და ძალიან ცუდი საქმეები აკეთოს, ბიძინა კი „ცუდად იქცევა“ და კარგ საქმეებს აკეთებს, რაც უნგრევთ მათ მიერ შექმნილ სტერეოტიპს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ამ განცხადებით ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, „რატომ ვერ თანხმდება საზოგადოება იმ ღირებულ და მნიშვნელოვან შენაძენზეც კი, როგორიცაა კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი პალიმფსესტი, იოანე ზოსიმეს მიერ შესრულებული უძველესი ხელნაწერი, რომელიც სულ მალე საქართველოში ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა და რამ გამოიწვია ამ ეროვნული საგანძურის ირგვლივ პოლიტიზებული აჟიოტაჟი?“
„ერთია, როცა ადამიანი ცუდად იქცევა და მეორეა, როცა მედია ამას აქეზებს. მედია ამას არ უნდა აკეთებდეს. იცით, კონკრეტული ადამიანები როგორ არიან? დილით რომ იღვიძებენ, ბოღმით იღვიძებენ და უნდათ, რომ შენ იყო ცუდი ადამიანი. უნდა, რომ სხვა ცუდი ადამიანი იყოს, ხალხის მტერი და მაშინ თვითონ იქნება სწორი. მათი ფიქრით, ბიძინა ნომერ პირველი მტერია ხალხის და წყლებს წამლავს, და ჩვენ, ვინც ასევე ხალხის მტრები ვართ, მისი დავალებით ვენახს ვჭრით და ასეთ რაღაცებს ვაკეთებთ. ამას ამბობენ და ამის სჯერათ ვიღაცებს. არიან ისეთები, რომლებიც ამას ანგარიშით აკეთებენ და დანარჩენებს იყენებენ, როგორც ფიგურებს. მე ხომ ნამდვილად ვიცი, რომ წყალს არ ვწამლავ და ისიც ნამდვილად ვიცი, ბიძინაც რომ არ წამლავს ამ წყალს. ჰოდა, ეს უნდა ვამტკიცო ახლა, რომ წყალს არ ვწამლავთ? უნდათ, ბიძინა იყოს დემონი და ძალიან ცუდი საქმეები აკეთოს, ბიძინა კი „ცუდად იქცევა“ და კარგ საქმეებს აკეთებს, რაც უნგრევთ მათ მიერ შექმნილ სტერეოტიპს. მათ გაუხარდებოდათ, ბიძინას ის პალიმფსესტი რომ დაეწვა, მან კიდევ მუზეუმს აჩუქა. ეს მოცემულობა გვაქვს და ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.