ვასილ მაღლაფერიძე - უკვე ყველა ინფორმაცია მაქვს, რომ წლების განმავლობაში პირველი არხის იმიჯი ხელოვნურად იყო დაზიანებული
ვასილ მაღლაფერიძე - უკვე ყველა ინფორმაცია მაქვს, რომ წლების განმავლობაში პირველი არხის იმიჯი ხელოვნურად იყო დაზიანებული

პირველი არხი სპორტულ ღონისძიებებს ყიდულობდა და ამას სხვა არხებზე უშვებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აი, ასე იყო და ეს ყველა ტელევიზიის დედა ბოლოს, გასატან-გამოსატანი იყო. ბოლოს, აქ ისეთი ტექნიკური პირობები იყო, რომ ადამიანები მავთულებს ლამის, ხელით აერთებდნენ. პირველ არხს სტუდიები გაქირავებული ჰქონდა და აქ პროდუქციას სხვა ტელევიზიები აწარმოებდნენ. აქ, სადაც ახლა ჩვენ ვზივართ, ჯურღმული იყო და გახსოვთ, რა ვითარებაც იყო. ახლა ჩვენ აქედან გამოვედით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, პირველი არხის იმიჯი წლების განმავლობაში ხელოვნურად იყო დაზიანებული.

„მე უკვე ყველა ინფორმაცია მაქვს, რომ ეს წლების განმავლობაში ხელოვნურად იყო დაზიანებული. მათ შორის – მათგან, ვინც ძალიან ხმამაღლა საუბრობს ხოლმე, შუბლის ძარღვის გაწყვეტით. ეს იყო მიზანმიმართული განზრახვა, რომ პირველი არხი მესამე პლანზე ყოფილიყო დაწეული. რატომ? იმიტომ, რომ პირველი არხის მფლობელი ქართველი ხალხია.

რასაკვირველია, ნებისმიერი ტელევიზია იმ სარედაქციო პოლიტიკას გაატარებს, რომელიც მისი მფლობელის ინტერესებშია. ამას არ უნდა მათი თანამშრომლების მხრიდან წივილ-კივილი. სხვანაირად არ მომხდარა, არც აქ, არც მარსზე, წინა ცხოვრებაში და არც იუპიტერზე მოხდება მომავალ ცხოვრებაში.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეს დაბალანსებულია, არის სამეურვეო საბჭო და აქ ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს, თუ ეს უზარმაზარი პრესი და პირდაპირ ვთქვათ, ჯოჯოხეთი არ იქნა, რაც აქ იყო ხოლმე მოწყობილი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.