ვასილ მაღლაფერიძე - უკრაინამ საქართველოდან მაქსიმალური ქულა მიიღო, ამით ამოწურულია ეს საკითხი და ვეღარ იქნება სპეკულაციებისთვის გამოყენებული
ჩვენ არსად შევრცხვენილვართ, არც თაღლითობა ყოფილა, ვისაც ეს აინტერესებდა, გავრცელდა ევროვიზიის მხრიდან, რომ ჰაკერებისგან დარტყმა მიიღეს და ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ვასილ მაღლაფერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ევროვიზიის კონკურსს უკავშირდებოდა.
დეპუტატმა ვასილ მაღლაფერიძეს ჰკითხა, „რატომ შერცხვა საქართველო ევროვიზიის კურსზე ქულების დაწერისას და რა თაღლითური გარიგებები იყო“.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, თავად ევროვიზიის წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, რომ გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი და ვითარებას არკვევენ.
„ამბავს თავიდანვე მიეცა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სარჩული – რას ჰქვია, საქართველომ არ მისცა უკრაინას 12 ქულა. შემდეგ გაირკვა, რომ მისცა 12 ქულა საქართველომ უკრაინას. ვფიქრობ, ყველაფერი გაირკვა. ძალიან უხერხულია, ჟიურის საქმიანობაში ჩარევა, ჩვენ ამით ბუნებრივად გამოვამჟღავნეთ, რომ ჟიური არ გვაინტერესებს. ჟიური რაღა საჭიროა საერთოდ, თუ ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდით?! არის რაღაც გაუგებრობა, რომელთანაც ხელი არ მიგვიწვდება. ჩვენ არც არაფერში გვჭირდებოდა ვინმესთან გარიგება და არც ასეთი ბრალდებაა საქართველოს მიმართ. იქ არის რაღაც გაურკვევლობა და გაირკვევა.
მთავარი საკითხი – საქართველოს ჟიურიმ თავიდანვე გააგზავნა ქულები, რასაც თავისი წესი აქვს. უკრაინას მიენიჭა იმდენი ქულა, როგორც ჩვენმა ჟიურიმ ჩათვალა. მეც არ ვიცოდი, რა შედეგი იყო და არც არავინ უნდა იცოდეს, არც მაუწყებლის დირექტორმა არ იცოდა. უკრაინამ მიიღო საქართველოდან მაქსიმალური ქულა. ამით ამოწურულია ეს საკითხი და ვეღარ იქნება სპეკულაციებისთვის გამოყენებული“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.