ვასილ მაღლაფერიძე - თითოეული მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადახდილი თანხა, 2021 წლის მონაცემებით, თვეში 1 ლარი და 30 თეთრია
თითოეული მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადახდილი თანხა, 2021 წლის მონაცემებით, თვეში 1 ლარი და 30 თეთრია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ეს თანხა მიღებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წლიური ბიუჯეტის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. მისივე თქმით, აღნიშნულ მიდგომას იყენებს ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების შესადარებლად.
„ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომელშიც 56 ქვეყანაა გაერთიანებული, სხვადასხვა ქვეყნების დაფინასების შესადარებლად იყენებს მიდგომას – საზოგადოებრივი მაუწყებლების წლიური ბიუჯეტის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. ეს არის ის ევროპა, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. ამ მიდგომით, როგორც ისინი ზომავენ, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელში თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადი, 2021 წლის მონაცემებით, თვეში ერთ ლარს და 30 თეთრს შეადგენს, ეს უკამათო ციფრია, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ ასევე დეპუტატებს გააცნო ციტატა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანგარიშიდან: „სიტუაცია კავკასიის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი), ასევე, მოლდოვაში, მაროკოსა და უკრაინაში საგანგაშოა. მაშინ როცა, სხვა ქვეყნების მაუწყებლების შემოსავალი თითოეული მოქალაქისგან ყოველთვიურად საშუალოდ 6 ევროა, მაგალითად, მოლდოვაში ერთ სულ მოსახლეზე, ბოლო მონაცემებით, 2 ევროს შეადგენდა. კრიტიკული მაჩვენებელია უკრაინაში, სადაც 2019 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლიდან მაუწყებლის დაფინანსება 1 ევროს უტოლდებოდა“.
„შესაბამისად, თუ ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ წარმოდგენილ გადასახადების მეთოდოლოგიას, მათ მიერვე წარმოდგენილ შედარების ოფიციალურ სტატისტიკას და შეფასებას დავეყრდობით, საქართველოში თითოეული მოქალაქის მიერ წლიურად გადახდილი გადასახადი თვეში 1 ლარი და 30 თეთრი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ შეგვიძლია მოვიაზროთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მოპასუხე მე არ ვარ. მე კი გიპასუხეთ, მაგრამ ჩემამდე დადგენილია, რომ საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ყოფილიყო და დარწმუნებული ვარ, ჩემს მერეც გაგრძელდება და უნდა იყოს კიდეც, რადგანაც ეს არის ევროპული ინსტიტუცია. ასე გადაწყდა და ველოსიპედის გამოგონება არ გვინდა. სხვა საკითხია დაფინანსება და ახლა გეტყვით, რაშია საქმე – ხშირად ვასახელებ „ბიბისის“ და საფრანგეთის ტელევიზიას. ჩვენი ხარჯების 80 პროცენტი ზუსტად ისეთია, როგორც მათი, რადგან მთელ ტექნიკურ გადაიარაღებას – ტელეფონი, კამერა, ჩვენც ევროებში ვყიდულობთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს მშპ-ს 0,12 პროცენტს, მაშინ როდესაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვა წევრი მაუწყებლები იღებენ საშუალოდ 0.16 პროცენტს.