ვასილ მაღლაფერიძე - „ტელესკოლას“ ერთ თვეში 1tv.ge-ზე მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა, ხოლო „იუთუბზე“ - 700 ათასი, რაც ნიშნავს, რომ პროექტი შედგა
საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის, „ტელესკოლის“ გაკვეთილები, ერთ თვეში, ვებგვერდ 1tv.ge-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ხოლო „იუთუბზე“ – 700 ათასმა, რაც ნიშნავს, რომ პროექტი შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, როგორ გაგრძელდეს სამომავლოდ „ტელესკოლა“.
„ეს პროექტი არის საჭირო და კრიზისულ პერიოდში თავისი ფუნქცია შეასრულა. ამავე დროს, არის საზოგადოების დაკვეთაც, ჩვენც ვფიქრობთ, განათლების სამინისტროსთან ერთად, როგორ გაგრძელდეს ეს პროექტი. იმედი ვიქონიოთ, რომ თანდათან ვითარება გაუმჯობესდება, შესაბამისად, პანდემიის პირობებში მიღებული გამოცდილება სამომავლოდ იქნება გამოყენებული. ყოველდღიურად ვმუშაობთ, როგორ უნდა იყოს „ტელესკოლა“ ნორმალურ პირობებში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შედეგს მივიღებთ. განათლების სამინისტროშიც ძალიან მოწადინებული არიან და ერთობლივი მუშაობით საინტერესო შედეგს მივიღებთ. ნახვების რაოდენობა აჩვენებს, რომ ინტერესი არის, საჭირო პროექტია, რაც ბუნებრივია, გვახარებს“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.