ვასილ მაღლაფერიძე - თამაშდამოკიდებულება არის დიდი ეპიდემია და ამის წინააღმდეგ მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს
თამაშდამოკიდებულება არის დიდი ეპიდემია და ამის წინააღმდეგ მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„აქ ყოველგვარი დიდების, თუ ქულების მოხვეჭის ნაცვლად მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ეს არის დიდი ეპიდემია. ამას კომპლექსურად რომ მიეხედოს, ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და უნდა გატარდეს გადამწყვეტი ზომები“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, იმ ქვეყნებს, რომლებიც ეკონომიკურად წინ არიან და გამოცდილებაც დიდი აქვთ, ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული შეზღუდვები აქვთ.
„ასეთი რამ, რაც ჩვენთან არის, პრაქტიკულად, არსად არ ვიცი. შეიძლება, სადღაც არის, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში ასეთი მიშვებულობა ნამდვილად არ არის. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ პირდაპირ უნდა ავიღოთ იმ მოწინავე ქვეყნების მაგალითი, ძალიან იოლად უნდა ვისწავლოთ და რომ იტყვიან, პირდაპირ ქსეროქსით უნდა გადმოვიტანოთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესი ძალიან სპეციფიკური ბიზნესია და ის რაღაცის შექმნის ნაცვლად უკვე გაკეთებულის ექსპლოატირებას ეწევა.
„კი ვამბობთ, რომ ეს ბიზნესია, მაგრამ ძალიან სპეციფიკური ბიზნესია იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი ბიზნესი რაღაცის წარმოებას ნიშნავს, რაღაცას ქმნის, რაღაცას აკეთებს და რაღაც მოაქვს, ეს კი უკვე გაკეთებულის ექსპლოატირებას ეწევა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება თამაშების რეკლამის შეზღუდვა, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ რეკლამას რომ ეფექტი არ ჰქონდეს, მასში ფულს არ ჩადებდნენ და ის ასეთი მასობრივი არ იქნებოდა.
„მით უმეტეს, ჩვენ ქვეყანაში უნდა წავიდეთ თამაშების რეკლამის შეზღუდვაზე, რადგან რეკლამის დიდი წილი სწორედ ამაზე მოდის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია დღევანდელ რეალობაში სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულაციებით შეზღუდვა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სტატისტიკა იმდენად შემაშფოთებელია, თუ ძალიან მკაცრი რეგულაციები არ იქნა შემოღებული, სრულიად რეალისტური იქნება კატასტროფა.
„ეს დაახლოებით, ასეთი რამეა – მდინარე მოდის, ღვარცოფი მოაქვს და ჩვენ ახლა უნდა ვიმსჯელოთ, უნდა მოვაქციოთ თუ არა მდინარე ბეტონის კალაპოტში. საჭიროა თუ არა რეგულაციების გამკაცრება, ამაზე ზედმეტი მსჯელობაც კი არ არის საჭირო. ეს ბიზნესი საქართველოში არ მოგონილა. ამერიკული პროდუქტია და რადგან იქ, გერმანიაში, თუ სხვაგან ასე მკაცრად არის დარეგულირებული, აქ, საქართველოში, გინდ პარლამენტარი იყოს და გინდ სხვა, ამაზე რატომ მსჯელობს, ასე გამოვა თუ არა?! მანქანა სადაც მოიგონეს, იქ ოთხი ბორბალი გაუკეთეს, ხომ?! ამას არც ექვსი ბორბალი უნდა და არც სამი. რასაკვირველია, აქ მაქსიმალურად უნდა იქნას გადმოღებული ის გამოცდილება, რაც მთელ მსოფლიოში არსებობს და საზოგადოება აქეთკენ უნდა მობილიზდეს, რომ ეს მარტო ბიზნესწრის ინტერესით არ წავიდეს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ თავიდან, ღვედების შემოღებასთან და მოწევის რეგულაციებთან კავშირებითაც არსებობდა სკეპსისი, მაგრამ როგორც კი სახელმწიფომ მოინდომა, ეს შესაძლებელი გახდა და თუ ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება, შედეგი აუცილებლად მიიღწევა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ეს მუხტი შენარჩუნდება და საზოგადოება იმგვარად განიმსჭვალება, რომ ეს ცუდია და ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.