ვასილ მაღლაფერიძე - სოლიდარული საზოგადოება უფრო ძლიერი იქნება, საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, უფასოდ მოემსახუროს ბიზნესსექტორს, რომელიც დისტანციურად მუშაობს
საქართველოს პირველმა არხმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპიდემიის პერიოდში უფასოდ განათავსოს იმ ბიზნესის რეკლამა, რომელიც დისტანციურად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, რეკლამა განთავსდება საქართველოს პირველი არხის ყველა პლატფორმაზე.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ბიზნესის კუთხით რა ვითარებაც არის შექმნილი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ყველას მოგეხსენებათ. ბუნებრივია, გარკვეული ტიპის ბიზნესი აგრძელებს მუშაობას და აუცილებლად უნდა გააგრძელოს კიდეც. ძირითადად, ეს ხდება დისტანციურად. საქართველოს პირველმა არხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უფასოდ მოვემსახუროთ იმ ბიზნესსექტორს, რომელიც დისტანციურად მუშაობს. თუ სხვა შემთხვევაში რეკლამისთვის ფულის გადახდა მოუწევდათ, კრიზისის პერიოდში უფასოდ მოვემსახურებით იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ვითარებაში მუშაობენ და ადამიანებს ცხოვრებას უმსუბუქებენ. რეკლამის განთავსების პირობები გამოქვეყნებულია ჩვენს საიტზე – 1tv.ge. ამ გადაწყვეტილების მიზანი არის ბიზნესის ხელშეწყობა. ბიზნესს სჭირდება რეკლამა, ეს მათი საქმიანობის განუყოფელია ნაწილია. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ დასჭირდებოდათ რესურსის დახარჯვა. ეს რესურსი კი ახლა მოხმარდება საქმეს და ბიზნესს“, – აცხადებს მაღლაფერიძე.
მისივე თქმით, სოლიდარული საზოგადოება უფრო ძლიერი იქნება და არხის მენეჯმენტმა ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„ეს გადაწყვეტილება ეხება ჩვენს ყველა პლატფორმას. ჩვენ რამდენიმე საკმაოდ ძლიერი პლატფორმა გვაქვს და მათთვის რომელიც იქნება მოსახერხებელი, იქ გავუწევთ რეკლამას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული კარანტინის პერიოდში, საქართველოს პირველი არხი ბიზნესსექტორს დახმარებას სთავაზობს – იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ ადგილზე მიტანის მომსახურება, მაუწყებელი უფასო კომერციულ სარეკლამო დროს გამოყოფს.