ვასილ მაღლაფერიძე - შემიძლია, მივულოცო სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებს, რომ უკვე ჩაერთვებიან „ტელესკოლის“ სწავლის ფერხულში
„ტელესკოლის“ პროექტში ეთნიკური უმცირესობებისთვის უკვე არსებულ გაკვეთილებს სხვადასხვა საგანი დაემატა. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები ყოველდღიურად ჩატარდება და პირველიდან მეთორმეტე კლასის პროგრამაზე იქნება მორგებული. ამასთანავე, აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილებიც გაიმართება.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, პროექტი მომავალში გაფართოვდება და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის „ტელესკოლაში“ კიდევ სხვა საგნები დაემატება.
„ამ ვირუსს არავინ არ ელოდა და ამისთვის არავინ იყო მზად. პროექტი „ტელესკოლა“ უმოკლეს ვადაში მომზადდა. შეიძლება, ოდნავ დაგვიანდა არაქართული სკოლებისთვის გაკვეთილები, მაგრამ უკვე ეს გაკვეთილებიც დავიწყეთ, უახლოეს ხანში „ტელესკოლის“ ეს ნაწილიც ამოქმედდება სრულფასოვნად. ვუპასუხოთ ოპონენტებსაც, არის ეს სრულყოფილი? რასაკვირველია, არ არის. შორს არის სრულყოფილებისკენ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი მოკლე ვადაში. ჩაივლის ვირუსი და „ტელესკოლა“ უკვე სხვაგვარად იქნება საკუთარი პროგრამით. დღეს კი, შემიძლია, მივულოცო არაქართული, სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებს, რომ უკვე ჩაერთვებიან სწავლის ფერხულში“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
„ტელესკოლა“ „პირველი არხი-განათლების“ ეთერით მოსწავლეებისთვის გადაიცემა. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.