ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია, ძველი შენობა აუქციონის წესით იქნება რეალიზებული, აღნიშნული თანხა მოხმარდება მშენებლობის ბოლომდე დასრულებას
2021 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორც ინსტიტუციისთვის იყო სტრატეგიული რეფორმების (ახალ შენობაში გადასვლა) და ტექნოლოგიური გადაიარაღების გაგრძელების წელი, მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის აპრილში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია.
„ახალი შენობის სრული საპროექტო ღირებულება საწყის ეტაპზე შეადგენდა 77,4 მილიონ ლარს, „კოვიდ“ პანდემიის და უკრაინაში ომის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე, საწყისმა ღირებულებამ ობიექტური მატება განიცადა. მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. კონტრაქტი გაფორმებულია 44 მლნ. 600 ათას ლარზე. პროექტში დღემდე ინვესტირებულია 16,7 მილიონი ლარი. დასრულებულია ბეტონის კარკასი, ამჟამად მიმდინარეობს გარე მოპირკეთების სამუშაოები. მშენებლობის მეორე ეტაპისთვის, რომელიც მოიცავს საინჟინრო სისტემების მონტაჟს, (ლიფტები, გათბობის სისტემები, ელექტროობა, წყალმომარაგება და აშ) უკვე გამოცხადებულია ტენდერი. საწყისი ღირებულება შეადგენს 41 მლნ. ლარს. საბოლოო ღირებულება გაირკვევა ტენდერის დახურვისას, სექტემბრის ბოლოს.
მაუწყებლის არსებული შენობა და მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით იქნება რეალიზებული და აღნიშნული თანხა მოხმარდება მშენებლობის ბოლომდე დასრულებას. ამ ეტაპზე შენობა გამოტანილია აუქციონზე. ქონების საწყისი ღირებულება განსაზღვრულია 65 მილიონი ლარით, რაც სრულად ფარავს მიმდინარე ვალდებულებებს. აუქციონი 30 სექტემბერს დასრულდება. მაუწყებლის სრული ტექნიკური გადაიარაღებისთვის და ახალი შენობის მშენებლობის დაწყებისთვის ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანხმობით კომერციული ბანკიდან მოზიდული იქნა 45 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი. ამ ეტაპისთვის კრედიტი სრულად ათვისებულია და მიმდინარეობს მისი მომსახურება. არსებული გრაფიკის მიხედვით, მაუწყებელი სესხს სრულად ფარავს 2026 წელს, თუმცა სესხის დიდი ნაწილი იფარება 2025 წელს და 2026-ში გადადის მხოლოდ მცირე ნაწილი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.